25 ნოემბერი, თბილისი —Sputnik. ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში“ მომხდარ ხანძართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე ბათუმში გაემგზავრნენ, ამის შესახებ შსს-ს პრესსამსახური იტყობინება.
„ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში" გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით უკვე ამოქმედდა მართვის ცენტრი, რომელსაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი, ლევან მაისურაძე ხელმძღვანელობს“, — ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, შეტყობინება ბათუმში, „ლეო გრანდში“ გაჩენილი ხანძრის შესახებ, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-დან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 20:01 სთ-ზე შევიდა. ამჟამად ადგილზე მობილიზებულია 13 სახანძრო-სამაშველო მანქანა და 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი.
„ხანძრის შედეგად არის მსხვერპლი. წინასწარი ინფორმაციით, საავადმყოფოში გადაყვანილი არიან სასტუმროში მყოფი მოქალაქეები და სამი მეხანძრე-მაშველი“ — ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.