თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. თანამედროვე ჩინური ხელოვნების ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით „ხელოვნება და მსოფლიო“ იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმ „ქარვასლაში“ გაიხსნა.
გამოფენაზე წარმოდგენილია ჩინეთის ხელოვანთა ასოციაციაში გაერთიანებული ცნობილი ჩინელი მხატვრების მიერ სხვადასხვა ტექნიკაში შესრულებული 29 ნამუშევარი. ექსპოზიცია მოიცავს ფერწერულ ტილოებს, ქანდაკებას, ბეჭდურ მასალას.
„პროექტის მთავარი თემაა მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნება, ჰუმანიზმი და ჩინეთის ჰარმონიული კულტურის გავრცელება ფართო საერთაშორისო საზოგადოებაში“, — ნათქვამია საქართველოს ეროვნული მუზეუმის Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ჩინეთის ხელოვანთა ასოციაციამ 2009 წელს, ჩინური კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, პროექტი „ჩინური ხელოვნების მოგზაურობა მსოფლიოში“ შეიმუშავა. იმ დროიდან პროექტმა მრავალი ქვეყანა მოიარა, მათ შორის იტალია, ფინეთი და დიდი ბრიტანეთი.
გამოფენა სახელწოდებით „ხელოვნება და მსოფლიო“ ეძღვნება საქართველოსა და ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის იუბილეს. ექსპოზიციის მიზანია ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების გააღრმავება.
პროექტის ორგანიზატორია ჩინეთის საელჩო საქართველოში, ჩინეთის ხელოვანთა ასოციაცია და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
გამოფენა 12 დეკემბრამდე გაგრძელდება.