თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე გადაადგილება შეზღუდულია, იუწყება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხი.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალციხის შესასვლელთან თითქმის 15 საათია 100-მდე ტრაილერია გაჩერებული. საპატრულო პოლიცია სატვირთო ავტომობილებს თურქეთის მიმართულებით არ უშვებს.
ტრაილერის მძღოლების განცხადებით, მათივე უსაფრთხოების მიზნით პოლიცია გადაადგილებას უკრძალავს და მხოლოდ მაშინ მიეცემათ გადაადგილების საშუალება, როდესაც გზები გაიხსნება.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში იტყობინებიან, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 30-96–ე კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.