ატენის სიონი: რა ეტაპზეა ეკლესიის საკონსერვაციო სამუშაოები

© courtesy of Heritage of Georgiaატენის სიონი
ატენის სიონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეკლესიის კედლებზე ბზარები შეივსო, ჩამოტეხილ ქვებს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, გაფხვიერებული ქვის ზედაპირის კონსერვაცია განხორციელდა

თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. გორის მუნიციპალიტეტში მდებარე ატენის სიონის ეკლესიის საკონსერვაციო სამუშაოების მე-2 ეტაპი დასრულდა, ნათქვამია  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კონსერვაციის პროცესი კედლის დასავლეთ სეგმენტებზე მიმდინარეობდა, რომელიც ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრის რესტავრატორების მიერ განხორციელდა. 

მიმდინარე სამუშაოების შედეგად მოიხსნა ცემენტის ხსნარით ადრე შევსებული ფრაგმენტები, გაფხვიერებული ქვის ზედაპირი კი საჭირო ხსნარებით სპეციალურად დამუშავდა. 

გელათის მონასტრის რესტავრაცია - Sputnik საქართველო
გელათის მონასტრის სარესტავრაციო სამუშაოები გრძელდება

„ამოივსო ბზარები, განხორციელდა მიკრობზარების კონსოლიდაცია, ჩამოტეხილ ქვებს კი კირხსნარის გამოყენებით რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. ეკლესიის ინტერიერის დასავლეთისა და სამხრეთის აფსიდის კონქებში არსებული ფასადური წყობიდან ქვების ჩამოცვენის რისკი დაზიანებული სახურავიდან წლების წინ ნადენმა წყალმა შექმნა, რამაც ისინი საფუძვლის ფენას მოაცილა. მათი ძირითად კოსტრუქციაზე ხელახალი ჩაბმა უჟანგავი ლითონის ანკერებისა და სათანადო მინარევების გამოყენებით მოხერხდა“, — ნათქვამია განცხადებაში.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მომავალი წლიდან გეგმავს ატენის სიონის კედლის მხატვრობის კონსერვაციის სამუშაოების დაიწყებს, რომელიც სამხატვრო აკადემიის მხატვარ-რესტავრატორების ჯგუფის მიერ, ლონდონის კურტოს უნივერსიტეტის სპეციალისტების კონსულტაციებით განხორციელდება.

ძველი ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ნიმუში ატენის სიონი VII საუკუნის I ნახევარშია აგებული. იგი მდებარეობს  შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში.

ატენის სიონის ტაძრის კედლებზე შემორჩენილია სხვადასხვა დროის ქართული ასომთავრული  წარწერები და მინაწერები, რომლებშიც მოხსენიებული არიან ისტორიული და სხვა პირები, მოცემულია თარიღები და ცნობები. ძველი ქართული პოეზიის ნიმუშებში წარწერები საყურადღებოა ენისა და დამწერლობის თვალსაზრისითაც.

ატენის სიონის ტაძრის კომპლექსი სამთავისისა და გორის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი  მოქმედია და მისი რესტავრაცია საღვთო მსახურების პარალელურად მიმდინარეობს.


ყველა ახალი ამბავი
0