თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. საქართველო ასრულებს უსაფრთხოების ყველა ნორმას, რომელიც საბავშვო ევროვიზიის ვოკალური კონკურსის ჩატარებას უკავშირდება, მაგრამ ამას მინიმალურად დემონსტრაციულად აკეთებს, განუცხადა ჟურნალისტებს შოუს პროდიუსერმა სერგი გვარჯალაძემ.
გვარჯალაძის თქმით, საქართველო კონკურსის უსაფრთხოების საკითხებს დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა. აწყობილია მთელი სისტემა — შენობის უსაფრთხოებით დაწყებული ბავშვების 24-საათიანი დაცვით დამთავრებული.
საბავშვო ევროვიზია 2017 იკითხეთ Sputnik-ის სიუჟეტში >>>
„უსაფრთხოების ნორმები — ძალიან სერიოზული თემაა, რომელიც ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად შევისწავლეთ… რაც შეეხება შენობას, ის ახალია. სწორედ ამ პრინციპით შევარჩიეთ ის. საქართველოში ფაქტობრივად არ დარჩა უწყება, რომელსაც არ შეეხო უსაფრთხოების საკითხები და რომელმაც ამ საქმეში ამა თუ იმ სახით არ მიიღო მონაწილეობა, დაწყებული ესკორტით, შენობის დაცვით და ა.შ. იმ წერტილებში, სადაც იქნებიან ბავშვები და სოციალური პროგრამები ჩატარდება, განსაკუთრებული დაცვაა გათვალისწინებული“, — აღნიშნა გვარჯალაძემ.
მისი თქმით, მიუხედავად „ევროვიზიის“ ყველა წესის ზედმიწევნით შესრულებისა, საქართველოში ეს პროცესი რაც შეიძლება ნაკლებად დემონსტრაციულად განახორციელდება.
„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შევეცადეთ ისე გაკვეკეთებინა ეს ყველაფერი, რომ არ დომინირებდეს და არ ჩანდეს. ჩვენ ხომ საქმე ბავშვებთან გვაქვს. ჩვენ მოვითხოვეთ, რომ შენობაში დაცვის თანამშრომლები ყოფილიყვნენ მაქსიმალურად კეთილგანწყობილნი და სპეცფორმა არ ეცვათ. ანუ ასე უფრო მარტივი იქნება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უსაფრთხოების რომელიმე პროცედურები არ იქნება შესრულებული. ყოველთვის ძალიან ყურადღებით ვიქნებით“, — განაცხადა სერგი გვარჯალაძემ.
რიგით მე-15 კონკურსის ჩატარების უფლება საქართველოს 2016 წლის ევროვიზიაზე 10 წლის მარიამ მამადაშვილის გამარჯვებამ მოუტანა. სიმღერით „მზეო" ქართველმა შემსრულებელმა 17 ქვეყნის წარმომადგენელს გაუსწრო და 239 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.
2017 წლის კონკურსში მონაწილეობენ საქართველო, რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, ბელარუსი, ირლანდია, კვიპროსი, მალტა, სერბეთი, ალბანეთი, პორტუგალია, მაკედონია, პოლონეთი, ავსტრალია, იტალია და ნიდერლანდები — სულ 16 ქვეყანა.
საქართველოს წარმომადგენელი, 12 წლის გრიგოლ ყიფშიძე საბავშვო ევროვიზიაზე წარდგება სიმღერით „გულის ხმა".