რას გაურბოდნენ ქართველი მოგზაურები და რატომ გაათენეს ღამე ბერლინის ბაღში

© Courtesy of Asmat Diasamidzeასმათ დიასამიძე მეგობრებთან ერთად
ასმათ დიასამიძე მეგობრებთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკაში „ცნობილების ვოიაჟი“ „Sputnik საქართველო“ ასმათ დიასამიძეს წარმოგიდგენთ

ასმათ დიასამიძე პროფესიით ეკონომისტია. მოგზაურობა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პროცესია. მოგზაურობის გარდა იტაცებს ცურვა და ცეკვა. ჯერ მხოლოდ რვა ქვეყაანაშია ნამყოფი, მაგრამ წინ უამრავი ქვეყნის მონახულებას გეგმავს.

© FB / Asmat Diasamidzeასმათ დიასამიძე რომში
ასმათ დიასამიძე რომში - Sputnik საქართველო
ასმათ დიასამიძე რომში

— ვერ წარმომიდგენია ცხოვრება მოგზაურობის გარეშე. ყოველი ახლად მონახულებული ადგილის შემდეგ თავს სხვა ადამიანად ვგრძნობ და მერე ისეთ თვისებებს აღმოვაჩენ ჩემს თავში, რაც ადრე არ მქონია. საერთოდ ერთ ადგილზე დიდხანს გაჩერება ჩემთვის პრობლემას წარმოადგენს, ამიტომ თუ არ წავედი სადმე, შეიძლება დეპრესია დამეწყოს.

- პირველად როდის გადაკვეთეთ უცხო ქვეყნის საზღვარი, რომელი ქვეყანა იყო და რა შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე?

— პირველად მეზობელ თურქეთში გადავედი ხუთი წლის წინ. დასასვენებლად ვიყავი მეგობართან ერთად ქემერში. ძალიან მომეწონა მომსახურების სერვისი და ადგილობრივების დამოკიდებულება ტურისტების მიმართ. მართლაც სასიამოვნოდ გავატარეთ ერთი კვირა.

© Courtesy of Asmat Diasamidzeასმათ დიასამიძე
ასმათ დიასამიძე - Sputnik საქართველო
ასმათ დიასამიძე

- ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ ამ მოგზაურობიდან?

— ანიმატორ ბიჭს ვეუბნებოდი ხუმრობით, აქ უეჭველი მარიხუანაც გექნებათ მეთქი და ერთ დღეს დისკოთეკიდან რომ ვბრუნდებოდით, სადღაც ჩაბნელებულ ჩიხში შეუხვია და ჩაბნელებულ, საშიშ სახლს მიაყენა მანქანა, აი მარიხუანა რომ გინდოდათ აქ არის და წამოდითო. ისე შევიცხადეთ და ფერი დავკარგეთ, რომ მაშინვე მიხვდა თავის შეცდომას და სასტუმროსკენ გაგვარბენინა სასწრაფოდ.

-პირველი ვოიაჟის მერე რამდენად გაგიმძაფრდათ მოგზაურობის სურვილი? ეს ერთგვარი აზარტი ხომ არ არის?

— დიახ, ეს ერთგვარი აზარტიცაა. გინდა რაც შეიძლება ბევრი მოასწრო ამ ხანმოკლე ცხოვრებაში და მეტი ქვეყანა მოინახულო.

რვა ქვეყანაში ვარ ნამყოფი. თოთოეულ მათგანს განსხვავებული ხიბლი ქონდა. გერმანიაში მომეწონა იქაური ცხოვრების წესი. მოწესრიგებულია ყველაფერი, ხალხი მშვიდად და უშფოთველად ცხოვრობს. ყველაზე მეტად მომეწონა ის, რომ წყვილები ხელიხელჩაკიდებულნი დადიან, ჩემთვის ეს ჟესტი სიახლოვესთან ასოცირდება. მოხუცებული წყვილებიც ისე საყვარლად დადიოდნენ ხელიხელჩაკიდებულნი, რომ გესიამოვნებოდა მათი ყურება. თუმცა არ მომეწონა ის, რომ თუ ოდნავ ხმამაღლა დაილაპარაკე, ისე შემოგხედავენ თითქოს უცხოპლანეტელს გხედავდნენ.

© Courtesy of Asmat Diasamidzeასმათ დიასამიძე
ასმათ დიასამიძე - Sputnik საქართველო
ასმათ დიასამიძე

- ვოიაჟის დროს ვინ არიან თქვენი პარტნიორები და რამდენად საინტერესოა მათთან ერთად მოგზაურობა?

— პარტნიორების შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია. არასწორად შერჩეულმა პარტნიორმა შეიძლება ყველაფერი გაგიფუჭოს. ძირითადად ჩემს ახლო მეგობრებთან ერთად ვმოგზაურობ, რომლებსაც ერთნაირი ღირებულებები გაგვჩნია და წინასწარ ვთანხმდებით დროს რას დავუთმობთ და რას არა.

- როგორ გეგმავთ ტურს? ტურისტულ სააგენტოს მიმართავთ ამის მოსაგვარებლად, თუ თავად აგვარებთ ყველა საკითხს?

— პირველი ორი ტური ტურისტული კომპანიის დახმარებით დავგეგმე, თუმცა ეხლა ვთვლი, რომ საკმაო გამოცდილება მაქვს, რომ თავადაც მოვაგვარო ეს საკითხი. იტალიის ტური მეგობრებთან ერთად დავგეგმე დამოუკიდებლად და ძალიან კარგად გამოგვივიდა ყველაფერი.

© Courtesy of Asmat Diasamidzeასმათ დიასამიძე
ასმათ დიასამიძე - Sputnik საქართველო
ასმათ დიასამიძე

- იმ ქვეყნებიდან სადაც ნამყოფი ხართ, ერთ კონკრეტულ ქვეყანას გამოარჩევთ, სადაც დაუსრულებლად შეგიძლიათ სტუმრობა და არასოდეს მოგბეზრდებათ იქ ჩასვლა?

— რა თქმა უნდა, ეს ქვეყანა იტალიაა. ეს არის საოცარი ქვეყანა-მუზეუმი, სადაც თითქოს დრო გაჩერდა. იქ ქუჩებში ხეტიალისას ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სადაცაა იმპერატორი გამოიჭრებოდა თავისი ამალით, ან გლადიატორების ბრძოლას შევესწრებოდი. ვფიქრობდი, რომ სწორედ იქ ყოფნის დროს აღმოვაჩინე მსოფლიო. ყველაფერი იმდენად ლამაზია, რომ თვალიც კი დაგეღლება. დაუსრულებლად შემიძლია იქ სტუმრობა და ვიცი, რომ ყველა სტუმრობის დროს თავიდან აღმოვაჩენ იტალიას. საუცხოო ადგილია ვატიკანის მუზეუმი. ის უნდა ნახო, სიტყვებით, ან თუნდაც ფოტოებით მისი გადმოცემა შეუძლებელია. განსაკუთრებით სიქსტის კაპელა იყო საოცარი ადგილი.

© Courtesy of Asmat Diasamidzeასმათ დიასამიძე
ასმათ დიასამიძე - Sputnik საქართველო
ასმათ დიასამიძე

- ძირითადად როგორი ტიპის ქვეყნები გიზიდავთ?

— აქამდე კულტურული ცენტრები მიზიდავდა, მაგრამ ეხლა უკვე ეგზოტიკურ ქვეყნებში სტუმრობას მთხოვს გული.

- ყველა მოგზაურობას თან ახლავს თავგადასავლები. ხშირად ჩავარდნილხართ უცნაურ, ან კურიოზულ სიტუაციაში?

— რა თქმა უნდა კი. ერთს შემთხვევას გავიხსენებ. ბერლინში სტუმრობისას გადავწყვიტეთ ერთი ღამე გაგვეტარებინა იმ ტურისტებივით, ვინც ღამეს გარეთ ატარებს, ერთგვარი თავგადასავალიც იქნებოდა და თან თანხაც დაგვეზოგებოდა. ღამის გასათევად მშვენიერი ადგილიც აღმოვაჩინეთ ბერლინის „დომის“ წინ. დავინახეთ თუ არა ფართოდ გაშლილი მწვანე მინდორი, მაშინვე თვალწინ საწოლი წარმოგვიდგა. მთელი დღის ხეტიალის შემდეგ მივაკითხეთ ჩვენს „საწოლს“, წამოვწექით მინდორზე (ზაფხული იყო) და მთვარისა და ვარსკვლავებით ტკბობის დროს ჩაგვეძინა კიდეც. საბედნიეროდ ჩემს ერთ-ერთ მეგობარს ფხიზელი ძილი ცოდნია. ბავშვებო, მგონი მინდორს რწყავენო, ამის გაგონება მოვასწარით და წყალმა ამოხეთქა მთელს მინდორზე. ძლივს გამოვასწარით და გადავურჩით დასველებას. რახან დასველებას გადავურჩით ამ ამბავზე ბევრი ვიცინეთ და შევთანხმდით, რომ ღამეს გარეთ აღარასოდეს გავათევდით.

- რომელი ქვეყნის სამზარეულოს გამოარჩევდით? ეგზოტიკური, ან უცნაური რა გაგისინჯავთ?

— ქართული სამზარეულო ყველას მირჩევნია, ვერც სამზარეულოს ვერ შევადრი.

- რომელ ქვეყანაზე ოცნებობთ? სად გინდათ, რომ მოხვდეთ?

— შვეიცარია! იქ აუცილებლად უნდა ჩავიდე, თორემ ვერ მოვისვენებ.

© Courtesy of Asmat Diasamidzeასმათ დიასამიძე
ასმათ დიასამიძე - Sputnik საქართველო
ასმათ დიასამიძე

- ახლო მომავალში სად გეგმავთ გამგზავრებას, რის მონახულებას აპირებთ?

— ახლო მომავალში დიდი სიამოვნებით ვესტუმრებოდი იაპონიას, საკურას ყვავილობის დღესასწაულზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0