თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განმარტა, სახელმწიფო მეთაურის ამპლუაში თუ რატომ გადაწყვიტა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში დარჩენა.
მმართველ ძალასა და მარგველაშვილს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, როგორც კი მარგველაშვილმა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, რომელშიც „ქართული ოცნების" სახელით იღებდა მონაწილეობას. უკმაყოფილების საფუძველი იქცა მარგველაშვილის გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის პერიოდში აშენებულ პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში მუშაობა.
„აქ შემოსვლა (ავლაბრის სასახლეში — რედ.) პოლიტიკური პოზიცია იყო, რათა თვალსაჩინო ყოფილიყო ყველასთვის, რომ ამ ქვეყანაში პრეზიდენტზე რაღაცის ბრძანება არ გამოვა. მე გულწრფელად არ ვაპირებდი აქ შემოსვლას, მაგრამ როცა სხვანაირი პოზიცია გამოიკვეთა და მე როცა მითხრეს რომ საკუთარი ადგილი ნახე და იჯექი, მაშინ ეს უკვე გახდა პოლიტიკური ჟესტი", — განაცხადა მარგველაშვილმა ტელეკომპანია TV Pirveli-ის ეთერში.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სასახლე — ძლიერთა ამა ქვეყნისათა წინაშე დაუმორჩილებლობის სიმბოლო გახდა.
2013 წელს ახლადარჩეულმა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებდა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პერიოდში აშენებულ რეზიდენციაში მუშაობას და სამუშაო ადგილად მან მთავრობის კანცელარიაში კაბინეტი შეარჩია. შემდეგ მარგველაშვილი ავლაბრის რეზიდენციის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისთვის გადაცემის ინიციატივით გამოვიდა, თავად კი ათონელის ქუჩაზე ახალ რეზიდენციაში გადასვლა დააპირა. თუმცა, 2014 წლის მარტში ის პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში მაინც გადავიდა.
ბოლო პერიოდში საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ხარჯები ქვეყანაში განხილვის ერთ-ერთი მტავარი საკითხი გახდა. მასმედიამ გაასაჯაროვა მონაცემები, რომლის თანახმად 2015 და 2016 წლებში პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის შენახვა-ფუნქციონირებაზე 4,5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
ეს არის კომუნალური ხარჯი, შენობის მოვლა-პატრონობა და პერსონალის ანაზღაურება. 2015 წელს ამ თანხებმა 2,2 მილიონ ლარს გადააჭარბა, ხოლო 2016 წელს — 2,3 მილიონ ლარს. ყველაზე მეტი კომუნალურ მომსახურებაზე დაიხარჯა.