თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. სს „საქართველოს რკინიგზის“ ახალი გენერალური დირექტორი სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით დავით ფერაძე გახდა, ნათქვამია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
დავით ფერაძე დღემდე საქართველოს თანაინვესტირების ფონდიში შპს “მტკვარი ჰესის” დირექტორის თანამდებობას იკავებდა. დავით ფერაძე 2004-2007 წლებში Booz Allen Hamilton/USAID-ის პროექტის ფარგლებში „საქართველოს რკინიგზაში” სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.
ფერაძემ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკისა და ფინანსებისა და საბანკო საქმის ფაკულტეტები. ასევე აქვს სამოქალაქო ინჟინერიისა და არქიტექტურის ხარკოვის ეროვნული უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი ფინანსებში.
„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 13 ნოემბერს მამუკა ბახტაძე ფინანსთა მინისტრი გახდა.