თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. ტერიტორია, სადაც ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ტარდებოდა, „სასწრაფო დახმარების" სამმა ეკიპაჟმა დატოვა.
სპეცოპერაცია გუშინ ღამით დაიწყო, ტერორიზმში ეჭვმიტანილები ისანი-სამგორის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, №156-ში მდებარე მე-9 კორპუსის მესამე სადარბაზოში იმყოფებიან. ამ სადარბაზოში აფეთქების შედეგად ორი ბინა დაიწვა. ეჭვმიტანილთაგან ერთ-ერთი დაკავებულია
ადგილზე მობილიზებულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების კონტრტერორისტული დეპარტამენტისა და პოლიციის თანამშრომლების დიდი რაოდენობა, ასევე ჯავშანტექნიკა.
ადგილობრივების მტკიცებით, ტერიტორიიდან დაჭრილები გაიყვანეს.
სპეცოპერაციის დროს მძიმედ დაიჭრა ერთ-ერთი სპეცრაზმელი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული. სპეცრაზმელს ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა.