თბილისი, 21 ნოემბერი —Sputnik. მუსიკალური თერაპიის კურსის დახურვა და ალბომის პრეზენტაცია გაიმართა 21 ნოემბერს №5 პენიტენციურ დაწესებულებაში. იუწყება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრეს-სამსახური.
ღონისძიებას მომღერალი ნინო ქათამაძე, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის დირექტორი ნინო ნახუცრიშვილი დაესწრნენ.
დაწესებულებაში მყოფი ქალებისთვის ნინო ქათამაძემ და ნიკოლოზ რაჭველმა მუსიკალური ნომრები შეასრულეს. მსჯავრდებულებულებმა კი მუსიკალურ ალბომში შესული რამდენიმე სიმღერა წარადგინეს. სტუმრებმა მსჯავრდებული ქალების ნამუშევრებიც დაათვალიერეს.
„მოხარული ვარ, რომ ჩვენი შეხვედრა შედგა. ვიმედოვნებ, ეს ურთიერთობა გაგრძელდება და შემოქმედების გაცვლის სახე ექნება. საღამოზე დიდი სიყვარული სუფევდა და მადლობა ქალბატონებს, განსაკუთრებით მომღერლებს, რომელთაც მოკლე დროში ასეთ შედეგს მიაღწიეს," — განაცხადა ნიკოლოზ რაჭველმა.
მუსიკალური თერაპიის პროექტი "ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის" და "ქალთა ფონდმა საქართველომ" განახორციელეს.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიზნით, მსგავსი პროექტების მხარდაჭერას კვლავ განაგრძობს.
ხატია გიგოლაშვილი