თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. ზუგდიდში ახლადაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში, სადაც აფხაზეთიდან დევნილმა 320-მა ოჯახმა საცხოვრებელი ფართი 2015 წლის მარტში მიიღო, სასმელი წყლის პრობლემა დღემდე მოუგვარებელია.
ჭაბურღილი, რომელიც დასახლებისთვის გაკეთდა, დევნილების ჩასახლებიდან ერთ თვეში დაბინძურდა და ნაწლავური ინფექცია გავრცელდა. ინფექციის ნიშნები ათეულობით ადამიანს, მათ შორის, ბავშვებს აღენიშნებოდათ.
„ჩასახლებიდან ერთი თვის შემდეგ, წყლის პრობლემები გაჩნდა, წყალსაქაჩი მწყობრიდან გამოვიდა, რამდენიმეჯერ შეაკეთეს, ახალი ჭაბურღილიც გათხარეს, თუმცა წყალი დასალევად უვარგისია, წყალი ტაძრიდან და მიმდებარე ოჯახებიდან დაგვაქვს, იქამდე კი დაახლოებით ერთი კილომეტრია, იყო მოწამლვის ფაქტებიც, ვის არ მივმართეთ “, — უთხრა „Sputnik საქართველოს" ჩასახლებაში მცხოვრებმა ინეზა ფარულავამ.
სამეგრელო —ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს უფროსის მანუჩარ ჩილაჩავას თქმით, აღნიშნული პრობლემის შესახებ დევნილთა სამინისტროსა და უშუალოდ მინისტრისთვისაც ცნობილია და უწყება წყალკანალთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
„თავდაპირველად კანალიზაციის პრობლემა წარმოიშვა. მისი გაჭედვა პოლილეითინის პარკებმა და სხვადასხვა ჰიგიენურმა საშუალებებმა გამოიწვია, დასახლებისთვის სამინისტროს დახმარებით ახალი ჭაბურღილი გაკეთდა, რომელიც გაფილტრულია და ექსპლოატაციაში შევიდა", — განაცხადა ჩილაჩავამ.
რაც შეეხება წყლის პრობლემას, ჩილაჩავას თქმით, დევნილებს 20 000 ლარამდე წყლის საქაჩის დავალიანება აქვთ, მათ ინდივიდუალური ქვითრები არ მისდიოდათ და პრობლემაც ამიტომ შეიქმნა.
„ამ დღეებში გადაწყდება წყალკანალი გადაიყვანს თუ არა თავის ბალანსზე მრიცხველებს, შემდეგ კი თითოეულ ოჯახს ინდივიდუალური ქვითრები მიუვა და გადაიხდიან წყლის საქაჩის საფასურს, ისე როგორც იხდიან გაზის და დენის გადასახადს’’ — უთხრა „Sputnik საქართველოს" მანუჩარ ჩილაჩავამ.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილის ზაზა სიხარულიძის განმარტებით, კომპანია თაბუკაშვილის ქუჩის დევნილთა დასახლების საკუთარ ბალანსზე აყვანას მას შემდეგ აპირებს, რაც შესაბამისი დოკუმენტაცია მომზადდება.
„დევნილთა სამინისტრო ამზადებს დოკუმენტაციას, რის შემდეგაც ეკონომიკის სამინისტროს ნებართვით გადმოგვეცემა ჩვენს ბალანსზე. მომავალში კი, ჭაბურღილების საჭიროება აღარ დადგება, რადგან მთელს ზუგდიდში ცენტრალური წყალმომარაგების სისტემა იქნება“, — განუცხადა სააგენტოს სიხარულიძემ.
დევნილებს წყალი ამჟამად მიმდებარე სკოლისა და ოჯახების ეზოებიდან მოაქვთ.
ზუგდიდის რაიონში დევნილების 88 ჩასახლების ობიექტია, სადაც 13 000 ოჯახი ცხოვრობს.
ოფიციალური მონაცემებით სამეგრელო ზემო-სვანეთში რეგისტრირებულია 87 220 იძულებით გადაადგილებული პირი, დღემდე აფხაზეთიდან დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება სახელმწიფოს ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად რჩება.
თინათინ ბუკია