საზოგადოებას უხელმძღვანელებს საქართველოს კინოაკადემიის წევრი, კინორეჟისორი, თენგიზ მალანია. საზოგადოების წევრები არიან: პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გურამ ოდიშარია, აფხაზეთის უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე, გრიბოედოვის თეატრის დირექტორი და რუსული დიასპორის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლაი სვენტიცკი, აზერბაიჯანული კულტურის ცენტრის დირექტორი ლეილა ალიევა, სახალხო დიპლომატიის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი გია სულაქველიძე, სომხურენოვანი გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორი ვან ბაიბურთი, სომხური დიასპორის წარმომადგენელი- ვიქტორია მაქსოევა, საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცის ჟურნალისტი ვასო კაპანაძე. ამ ასოციაციაში გახლავთ დავით აღმაშენებლის აკადემიის რექტორი ქალბატონი ნანა ჯიქია. ამ თემაზე სასაუბროდ ქალბატონ ნანას და ბატონ თენგიზს დავუკავშირდით.
-ქალბატონო ნანა, რა მიზნებს ისახავს ეს ასოციაცია და საგანმანათლებლო კუთხით რა პროექტების განხორციელებას აპირებთ?
— ჩვენი შეხვედრა იმის მაგალითი იყო, რომ სხვადასხვა ეროვნების ადამიანები, თუ შეიძლება ითქვას, ერთ ქუდ ქვეშ შეიკრიბდნენ და ფიქრობდნენ იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს საქართველოში ამ მიმართულებით. ჩვენ დიდი ხანია, სურვილი გვაქვს, რომ აკადემიაში ტოლერანტობის საზოგადოება დაგვეარსებინა. შეხვედრაზე სამომავლო გეგმები დაისახა და დებულების პროექტი შევიმუშავეთ. მოგეხსენებათ, საგანმანათლებლო კუთხით ჩვენში დიდი პროექტები და ღონისძიებები არ ხორციელდება, ამიტომ შემდეგში თემატური კომისიების შექმნას ვაპირებთ, ეს იქნება: მეცნიერებისა და განათლების მიმართულებით და იმ მიმართულებით რა საკითხებიც წამოიჭრება საქმიანობის მანძილზე. ჩვენს აკადემიაში ეს საზოგადოება იმიტომ შეიქნა, რომ გვსურს სტუდენტებს შემწყნარებლური პოლიტიკის ფორმირებაში ხელი შევუწყოთ. აფხაზეთის უნივერსიტეტი ჩვენს აკადემიასთან სწავლა-განათლების მიმართულებით მემორანდუმს გააფორმებს. სიმბოლურია ის, რომ სწორედ ჩვენი სხდომის შემდეგ ბატონი გურამ ოდიშარია ომბუდსმენის საბჭოზე წავიდა და გახდა 2017 წლის ტოლერანტობის ქომაგი ნომინაციაში „პიროვნებები''.
- თქვენი აკადემია ამ ეტაპზე ქართული ენის პროგრამას საქართველოში ჩამოსული უცხოელი სტუდენტებისთვის უკვე ახორციელებს…
— დიახ, ამ ეტაპზე აკადემიაში ვახორციელებთ ქართული ენის პროგრამას, რომელიც სხვადასხვა ეთნოსებისთვისაა, მაგრამ მას სხვაგვარი დატვირთვაც მივეცით. როდესაც უცხოელი სტუდენტები საქართველოში ჩამოდიან მათ ქართული ენა არ იციან. ისინი უცხოენოვან პროგრამაზე აბარებენ და სწავლას ინგლისურად აგრძელებენ. ჩვენ ჩამოსულ ხალხს ნახევარი წელი ქართული ენა ვასწავლეთ და ქართული ენის ფლობის დამადასტურებელი სერთიფიკატი გადავეცით. ვიმეორებ, ეს ჩვენი ინიციატივა იყო და მან გაამართლა.
საზოგადოების ხელმძღვანელი, საქართველოს კინოაკადემიის წევრი, კინორეჟისორი, თენგიზ მალანია
-ბატონო თენგიზ, თქვენი პროექტითა და ავტორობით საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე დიასპორებზე გადაღებულია რვა ფილმი, რომელიც უამრავმა მაყურებელმა იხილა.
— დიახ, ჩემი პროექტითა და ავტორობით საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე რვა ფილმია გადაღებული. მათგან ერთ-ერთი, რომელიც საქართველოში ებრაელთა ოცდაექვსსაუკუნოვან ისტორიას ასახავდა და რომელიც ჩემს თანაკურსელს, საუკუნის ადამიანად წოდებულ მეცნიერს, მწერალს, პოეტს ჯემალ აჯიაშვილს მიჰყავს, დიდი წარმატებით უჩვენეს ისრაელში.
- ვიცი, რომ თქვენი ბავშვობის თბილისში სიტყვა „ტოლერანტობა" არც გქონდათ გაგონილი, მსგავსი პრობლემები მაშინ დღის წესრიგში იდგა საერთოდ?
— არასოდეს. ეს სიტყვა თუნდაც გაგვეგო, მის არსს მაინც ვერ ჩავწვდებოდით ჯერ ერთი, ასაკის გამო, მეორეც კიდევ „მოძმე ერთა საბჭოთა კავშირში" ხომ ყველანი ერთი დიდი ოჯახის წევრები ვიყავით?!… ირონიას გვერდით გადავდებ და გულწრფელად ვიტყვი, რომ თბილისის შუაგულში, „ვორანცოვზე" მდებარე ქუჩაზე, რომელიც დღეს რომის სახელს ატარებს და დედაქალაქის ერთ-ერთ ტურისტულ ცენტრს წარმოადგენს, უზარმაზარ ეზოში, დილიდან საღამომდე ისმოდა გოგო-ბიჭების ჟივილ-ხივილი: ქართულ, სომხურ, რუსულ, აზერბაიჯანულ, ქურთულ და გერმანულ ენაზეც კი. ჩვენთან ერთად, თამაშში იყვნენ ჩაბმულნი ებრაელი ბავშვებიც, მაგრამ მათ ჯერ კიდევ არ იცოდნენ ივრითულად საუბარი…მოგვიანებით, როდესაც სკოლაში გაკვეთილების დამთავრების შემდეგ საჯარო ბიბლიოთეკისაკენ გავეშურებოდი ხოლმე, იქაც იგივე სურათი მხვდებოდა, სხვადასხვა ეროვნების თბილისელი ბავშვები მშობლიურ ენაზე ვამზადებდით გაკვეთილებს და შემდეგ ერთად გავუყვებოდით ხოლმე რუსთაველის პროსპექტს…
- ბატონო თენგიზ, სწორედ ამგვარად, პირადი ურთიერთობებიდან გამომდინარე ყალიბდება მოქალაქეობრივი პოზიციაც…
— მახსოვს, ერთხელ, ბიბლიოთეკის მოზარდთა განყოფილების გამგემ, როდესაც ახალბედა მწერალ ნოდარ დუმბაძესთან შეხვედრაზე ჩემი მოხსენება მოიწონა ახლადგამოცემულ „მე, ბებია, ილიკო და ილარიონზე", ფრთხილად მკითხა: თენგიზ, შენც ებრაელი ხარო?! თურმე, ის გოგო-ბიჭები, ვისთანაც მე ვმეგობრობდი — დავარაშვილები, ელიაშვილები, აჯიაშვილები, ხუხაშვილები, ეროვნებით ებრაელები ყოფილან, რომელთა გვარები, ხშირად არ ვიცოდი და არც მაინტერესებდა. სწორედ ბავშვობისას, ჩემს ირგვლივ არსებულმა გარემომ გამომიმუშავა ტოლერანტული მსოფლმხედველობა, რომლის თანახმადაც, ჩემთვის არსებობს მხოლოდ კეთილი და ბოროტი, ბრიყვი და მოაზროვნე ადამიანი, რომლის არსზეც, მის ეროვნულ წარმომავლობას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. ამასწინათ, ფეისბუქში გამოქვეყნებულ ერთ ანტიეროვნულ სტატუსზე ჩემი აზრი გამოვთქვი და იმ ეთნოსის წარმომადგენელს გამოვესარჩლე. ერთმა ყოფილმა ფრენდმა ქალბატონმა, რომელიც, თურმე ნუ იტყვით და პოლიტოლოგიის მეცნიერებათა დოქტორიც ყოფილა, ღია ტექსტით მომწერა, თქვენ ამ გამოსარჩლებით მათ საქმეს აკეთებთო, რაზეც ვუპასუხე, რომ ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია სწორედ ქართული საქმის კეთებას ემსახურება, რათა ზოგიერთი ბრიყვი ქართველივით ირგვლივ მტრები კი არა, მოყვრები მოვამრავლოთ. გულწრფელად გეტყვით, რომ ყოველთვის მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა მქონდა თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი, სომეხი, რუსი, უკრაინელი, ქურთი, გერმანელი, ბერძენი, ლატვიელი დიასპორის ლიდერებთან და თუკი გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა მსგავსი სახის პრობლემას ავარიდოთ ჯერ პირად ადამიანურ ურთიერთობებიდან უნდა დავიწყოთ…