მოსახლეობა ქართულ არხებს ნაკლებად უყურებს

© photo: Sputnik / Kirill Kalinnikov / გადასვლა მედიაბანკშიქალი ტელევიზორთან
ქალი ტელევიზორთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
შპს „ტრი მედია ინტელიჯენსის″ მონაცემებით, ბოლო ერთ წელში ქართული არხების ყურებადობა 21.23%-ით არის შემცირებული, უცხოური არხების ყურებადობა კი 26.67%-ით გაიზარდა.

თბილისი, 20 ნოემბერი —Sputnik.  2017 წლის ოქტომბრის თვეში 2016 წლის ოქტომბერთან შედარებით ზოგადად სატელევიზიო არხების ყურებადობა (1 წუთის განმავლობაში საშუალო მაყურებლების რაოდენობა) შემცირებულია 9.37%-ით. ამ ინფორმაციას შპს „ტრი მედია ინტელიჯენსის″ მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული სააგენტო (GNCC) ავრცელებს.

ამავე პერიოდში ქართული არხების ყურებადობა შემცირებულია 21.23%-ით, ხოლო უცხოური არხებისა და საკაბელო ოპერატორების კუთვნილი არხების (რომლებშიც შედის უცხოური არხები და საკაბელო ოპერატორების ქართული კინო და სპორტული არხები) ყურებადობა გაიზარდა 26.67%-ით.

შპს „ტრი მედია ინტელიჯენსის″ ინფორმაციით, 2017 წლის ოქტომბერში შემცირებულია ქართული არხების აუდიტორიის წილი ბაზარზე თითქმის 10-%-ით  და შეადგენს 65.5%-ს,2016 წლის ოქტომბერში კი  შეადგენდა 75%-ს. ამავე პერიოდებში უცხოური და საკაბელო ოპერატორების კუთვნილი არხების აუდიტორიის წილი გაიზარდა: 2016 წლის ოქტომბერში თუ მათი წილი შეადგენდა 25%-ს, 2017 წლის ოქტომბერში 34.5%-ს მიაღწია.

წინა წელთან შედარებით, TOP 10 ქართულ არხებს მაყურებელი 21.16%-ით შუმცირდა და  დღეს TOP 10 ქართული არხის აუდიტორიის წილი ქართულ ბაზარზე შემდეგი სახითაა წარმოდგენილი:

1. ტელეიმედის წილი გაიზარდა 23.4%-დან 26%-მდე;

2. რუსთავი 2-ს შეუმცირდა 25%-დან 18.2%-მდე;

3. კომედი ტვ-ს შეუმცირდა 5.1%-დან 3.5%-მდე;

4. ჯი დი ეს ტვ-ს გაეზარდა 3%-დან 3.4%-მდე;

5. პირველ არხს შეუმცირდა 2.5%-დან 2%-მდე;

6. მაესტროს შეუმცირდა 4%-დან 0.7%-მდე;

7. მარაოს შეუმცირდა 1.9%-დან 1.7%-მდე;

8. ტვ პირველს გაეზარდა 1.2%-დან 1.8%-მდე;

9. სილქ იუნივერსალს გაეზარდა 0.9%-დან 1%-მდე;

10. პალიტრა ნიუსს გაეზარდა 0.6%-დან 0.8%-მდე.

შპს „ტრი მედია ინტელიჯენსი″ (TMI) სატელევიზიო აუდიტორიის გამზომი  კომპანიაა, რომელიც სატელევიზიო რეიტინგების ბაზარზე 2016 წელს შემოვიდა. ის მულტინაციონალური, მსოფლიო ინდუსტრიის ლიდერი კომპანია KANTAR MEDIA-ს ოფიციალური, ექსკლუზიური ლიცენზიანტია საქართველოში. შპს „ტრი მედია ინტელიჯენსის″ შემოსვლამდე, 2005 წლიდან ბაზარზე სატელევიზიო აუდიტორიას ერთადერთი კომპანია „თი-ვი-ემ-არ საქართველო″ ზომავდა, რომელიც საერთაშორისო კომპანია Nielsen-ის ოფიციალური ლიცენზიანტია.

 

ხატია გიგოლაშვილი

ყველა ახალი ამბავი
0