თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. თბილისში დრეს დილით მარათონი „გარბენი ჯანსაღი მომავლისთვის" გაიმართა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi ).
მარათონში, რომელიც ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა, 200-მდე ადამიანი მონაწილეობდა.
ღონისძიების ორგანიზატორებია საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაცია, საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაცია, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი და „თეთრი ხმაურის მოძრაობა”. თემატური მარათონი პროგრამების #Rungeorgia და #BeActiveInGeorgia ფარგლებში ჩატარდა.
ორგანიზატორების ცნობით, ღონისძიების გამართვის მთავარი მიზანი საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება იყო.
„ღონისძიება ქვეყანაში ჰუმანური მიდგომებისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ემსხურება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაძლიერება და მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია. გარბენში სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფები, ორგანიზაციები, ბიზნეს სუბიექტები და როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ორგანოს წევრები ჩაერთვებიან“, — ნათქვამია ორგანიზატორთა განხცადებაში.
მარათონში მონაწილეობა ყველასათვის ღია იყო.
საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაცია მსგავსი გარბენების ჩატარებას უახლოეს მომავალში კიდევ გეგმავს.