თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 53 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია შსს-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„დაკავებულის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, „ბრაუნინგის“ სისტემის არარეგისტრირებული პისტოლეტი მჭიდით, „გეკოს“ სისტემის გადაჭრილი ცეცხლსასროლი შაშხანა და სხვადასხვა კალიბრის ვაზნები ამოიღეს“, — ნათქვამია განცხადებაში.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).