თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. შსს-ს სამცხე–ჯავახეთის დეპარტამენტში ახალციხის რაიონის მცხოვრებმა, 1992 წელს დაბადებულმა დ.ბ.-მ ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით წარმოადგინა და ჩააბარა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.
უწყების ინფორმაციით, სულ ჩაბარებულია: გადაჭრილი სანადირო თოფი, ე.წ. „აბრეზი", 63 საბრძოლო ვაზნა, 10 ხელყუმბარა, ოთხი ტანკსაწინააღმდეგო ხელყუმბარა და მსხვილკალიბრიანი ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს გამოძიების შეწყვეტას, ან სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყებას, ან შეწყვეტას ქმედითი მონანიების გამო, აღნიშნული პირი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდება.
ხატია გიგოლაშვილი