მართლმადიდებელი სამყარო შობის მარხვისთვის ემზადება

© photo: Sputnikსვეტიცხოველი
სვეტიცხოველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შობის მარხვა – ეს წლის უკანასკნელი მრავალდღიანი მარხვაა, რომელიც ყოველწლიურად 28 ნოემბერს იწყება

ქრისტეშობის მარხვა 40 დღე გრძელდება. ის დაწესებულია იმისთვის, რათა თითოეული ადამიანი სინანულით, ლოცვით და მარხვით განიწმინდოს და შობის დღესასწაულზე მოწიწებით მიეახლოს ძე ღვთისას.

შობის მარხვა დიდმარხვასთან შედარებით მსუბუქია. მას ვიცავთ ისე, როგორც მოციქულთა მარხვას. ამ მარხვათა დროს, როგორც წესი, გარდა ოთხშაბათისა და პარასკევისა, თვით ბერ-მონაზვნებისთვისაც კი დაშვებული იყო თევზის, ზეთისა და ღვინის ზომიერად მიღება. საზოგადოდ კი, ისევ უნდა შევნიშნოთ: მარხვის სიმკაცრე და სიმსუბუქე ყოველთვის დამოკიდებული იყო (და ასეა დღესაც) მწყემსმთავრის ლოცვა-კურთხევაზე. 

© photo: Sputnikსაშობაო წირვა-ლოცვა ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში ტარდება
საშობაო წირვა-ლოცვა ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში ტარდება - Sputnik საქართველო
საშობაო წირვა-ლოცვა ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში ტარდება

ეკლესიის ისტორიაში შობის მარხვის შესახებ ცნობები მეოთხე საუკუნიდან მოიპოვება, მაგრამ, როგორც ჩანს, მისი დაწყებისა და დასრულების თარიღი მკაცრად განსაზღვრული არ იყო. ორმოცდღიანი მარხვა 1166 წლს პატრიარქ ლუკას მოსაყდრეობის პერიოდში მოწვეულ კონსტანტინეპოლის ადგილობრივ საეკლესიო კრებაზე დადგინდა. მარხვის დასაწყისში მოძღვრები თავიანთ სულიერ შვილებს ლოცვის გაძლიერებისკენ, ზიარებისკენ, თავმდაბლობისკენ და მოთმინებისკენ მოუწოდებენ.

მარხვა დიდი სიხარულია მორწმუნისა, რადგან ამ დროს ცხოველი რწმენით ანთებული ადამიანი მზად არის სარწმუნოებრივი გმირობისთვის: ღვთის სიყვარული ხომ მაშინ ხდება რეალური, როდესაც მას საქმით გამოვავლენთ. როგორც წმინდა იაკობ მოციქული ამბობს, საქმის გარეშე რწმენა მკვდარია. ერთ-ერთი ამგვარ საქმეთაგანია ჩვენდამი უფლის უსაზღვრო სიყვარულის პასუხად ამქვეყნიურ სიამეთა მცირე ხნით მოკლება. სწორედ ამას ეწოდება მარხვა. ზოგიერთი სახის საჭმლისგან თავის შეკავება ადვილია (თუმცა ზოგიერთისთვის ეს გადაულახავი დაბრკოლებაა); გაცილებით ძნელია ვნებებსა თუ მავნე მიდრეკილებებზე უარის თქმა. და თუ ზოგიერთი კერძისგან თავის შეკავება ვერ შევძელით, ვერც ვნებებზე ავმაღლდებით. ამ აზრით, გონიერი ადამიანი გამუდმებით უნდა მარხულობდეს. წმინდა მამები ამგვარად ცხოვრობდნენ, მაგრამ ადამიანს თავისი დაცემული, უძლური ბუნების გამო გამუდმებით თავშეკავება არ ძალუძს. ამიტომაც ეკლესიამ დაადგინა დრო და ფორმა მარხვისა, რომლის დაცვაც, — თავდაპირველად თუნდაც საკუთარ თავზე ძალდატანებით, იძულებით, — საწინდარია იმისა, რომ ოდესმე ჭეშმარიტ მარხვას და თავშეკავებით ცხოვრებას შევძლებთ.

ეს მარხვა 25 დეკემბრამდე ოთხშაბათისა და პარასკევი დღის გარდა თევზით ხსნილია. შობის მარხვა 7 იანვრამდე გასტანს.


ყველა ახალი ამბავი
0