თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმში ეროვნული უმცირესობების სკვერი მოეწყობა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
16 ნოემბერს მსოფლიო ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე 1995 წლიდან UNESCO-ს ინიციატივით აღინიშნება და მისი მიზანი შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
ქალაქ ბათუმის მერიამ სკვერის მოსაწყობად ბაგრატიონის და სერგი მესხის ქუჩების კვეთაზე მაგისტრალებს შორის არსებული სივრცე გამოყო. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მისი გამწვანება.
აქტივობაში მონაწილეობა ბათუმში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს შეუძლია.
ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 14 ნოემბერს თბილისის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გაიხსნა გამოფენა „გზაჯვარედინი — საქართველოს რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნება", რომელიც XIX-XX საუკუნეების მხატვრების ასამდე ნახატს აერთიანებს.
გამოფენაზე წარმოდგენილია მუზეუმების ფონდებში დაცული ექსპონატები, მათ შორის, გერმანელი მხატვრის ოსკარ შმერლინგის, მხატვრისა და გრაფიკოსის ილია ზანკოვსკის, ფერმწერისა და თბილისის სახვითი ხელოვნების საზოგადოების ერთ-ერთ დამფუძნებლის რიხარდ-კარლ ზომერის ფერწერული ტილოები.