თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. RT-ს და Sputnik-ის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა რუსეთის დუმის მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების — უცხოური აგენტების შესახებ მიღებულ ცვლილებებზე კომენტარი გააკეთა და ყველა ჟურნალისტს სამძიმარი გამოუცხადა.
ოთხშაბათს სახელმწიფო დუმამ მეორე მოსმენით მიიღო ის ცვლილებები, რომელთა თანახმად ის უცხოური მედია, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს, რუსეთში „უცხოურ აგენტად“ შეიძლება აღიარონ. გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რომელ მედია-საშუალებას მიეკუთვნება უცხოური აგენტის სტატუსი, იუსტიციის სამინისტრო მიიღებს.
„მთელი გულით ვუსამძიმრებ ყველა ჟურნალისტს — ჩვენსას და არა ჩვენსას“, — მოჰყავს RT-ს სიმონიანის სიტყვები.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებების — უცხოური აგენტების შესახებ ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღეს. ეს ცვლილებები მიიღეს აშშ-ში რუსული მედიის შევიწროების, კერძოდ კი RT America-ს უცხოურ აგენტად აღიარების საპასუხოდ. ასეთი ცვლილებების მიღებას სახელმწიფო დუმის ოთხივე ფრაქციამ დაუჭირა მხარი.
ცვლილებები შეიტანეს კანონპროექტში, რომლის თანახმად რუსეთში აკრძალული ორგანიზაციების ვებგვერდების ბლოკირება სასამართლოს გარეშეა ნებადართული. ეს კანონპროექტი ოქტომბრის ბოლოს პირველი მოსმენით მიიღეს. ცვლილებების ავტორებია დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი, დუმის ოთხივე ფრაქციის ლიდერი და რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომარე. სახელმწიფო დუმამ კანონპროექტი ოთხშაბათს მეორე და მესამე მოსმენით მიიღო.
მანამდე აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ RT America უცხოური აგენტების სიაში 1938 წელს მიღებული უცხოური აგენტების შესახებ კანონის საფუძველზე შეიტანა, ამ დროს სხვა უცხოური სახელმწიფო მედია-საშუალებები, ისეთები, როგორებიცაა ბრიტანული BBC, ჩინური CCTV, ფრანგული ტელეარხი France 24, გერმანული რადიოსადგური Deutsche Welle, ამ სახით დარეგისტრირებული არ არის. სიმონიანმა განაცხადა, რომ ტელეარხს მოუწია არჩევანის გაკეთება რეგისტრაციასა და სისხლის სამართლის საქმეს შორის, და ამასთან დაკავშირებით მიულოცა „სიტყვის ამერიკულ თავისუფლებასა და ყველას, ვისაც ჯერ კიდევ სჯერა მისი“.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მაშინ განაცხადეს, რომ ამ სიტუაციაზე მოსკოვის პასუხის ფორმები და მეთოდები მუშავდება. რუსეთის კავშირგაბმულობის მინისტრმა ნიკოლაი ნიკიფოროვმა განაცხადა, რომ აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან ტელეარხ RT-ს უცხოურ აგენტად აღიარების მოთხოვნაზე რუსეთი სარკისებურად უპასუხებს.