თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. ამერიკელი საკულტო რეჟისორი, მუსიკოსი, სცენარისტი, მხატვარი და ფოტოგრაფი დევიდ ლინჩი საქართველოს 20 ნოემბერს ეწვევა და თბილისელებსა და ქალაქის სტუმრებს შეხვდება.
შეხვედრა ლეგენდარულ ამერიკელთან თბილისის ღამის კლუბ Khidi-ში 17:00 საათზე გაიმართება.
ღონისძიებაზე დასწრება უფასოა, მაგრამ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ 14 ნოემბერს 12:00 საათიდან.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართება. ლინჩის საუბრის მთავარი თემა საქართველოში დევიდ ლინჩის საერთაშორისო კინემატოგრაფიული უნივერსიტეტის საქართველოში გახსნა იქნება.
კავკასიაში „დევიდ ლინჩის ფონდი" 2017 წლის 25 ივლისს დაარსდა და იგი საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს აერთიანებს. ფონდი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს. გარდა უნივერსიტეტის დაარსებისა და კინოვარსკვლავებთან შეხვედრების ორგანიზებისა, ფონდის მიზანია ტრანსცენდენტალური მედიტაციის პროგრამის მეშვეობით ტრამვისა და ტოკსიკური სტრესის შედეგად დაზარალებული ადამიანების ჯანმრთელობის, შემეცნებითი უნარების და შრომისუნარიანობის გაუმჯობესება, ასევე საზოგადოებაში მათი ინტეგრირება.
„დევიდ ლინჩის ფონდი", როგორც არაკომერციული საგანმანათლებლო ორგანიზაცია, 2005 წელს დააფუძნეს. იგი მთელი მსოფლიოს ახალგაზრდებს მედიტაციის სწავლის საშუალებას აძლევს. ლინჩი მიიჩნევს, რომ მედიტაცია ცნობიერების გაგაფართოებაში ეხმარება და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მის შემოღებას ემხრობა, რადგან თვლის, რომ ეს შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებას და აგრესიის შემცირებას დაეხმარება.
ასევე, დისკუსია შეეხება თბილისში А კლასის საერთაშორისო კინოფესტივალის ჩატარების პროექტს.
დევიდ ლინჩი — რეჟისორი, მწერალი და პროდიუსერია და ასევე „დევიდ ლინჩის ფონდის იდეალური განათლების განვითარებისათვის და მთელს მსოფლიოში მშვიდობის დამყარებისათვის" სამეურვეო საბჭოს დამფუძნებელი და დამაარსებელი. ლინჩის ფონდში ცნობილი არტისტები არიან გაერთიანებული.