თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. თბილისის ახლადარჩეული საკრებულოს დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი ტყემალაძე აირჩიეს.
მისი პირველი მოადგილე გახდა გიორგი ახვლედიანი, დანარჩენი მოადგილეები კი — მარიკა დარჩია და დავით უჯმაჯურიძე.
„მსურს მადლობა გადაგიხადოთ ნდობისთვის. მე ვაცნობიერებ იმ პასუხისმგებლობას, რომელსაც ჩემს თავზე ვიღებ", — განაცხადა ტყემალაძემ.
მან საკრებულოს დეპუტატებს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გახსნა. გარდა ამისა, კენჭისყრა გაიმართა არჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობასთან დაკავშირებით.
თბილისის საკრებულოს არჩევნები 21 ოქტომბრის მერის არჩევნების პარალელურად გაიმართა. მიღებული ხმების თანახმად, საკრებულოში მმართველმა პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიულმა საქართველომ" 40 ადგილი მიიღო. ოპოზიციას კი ათი ადგილი ერგო:„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ხუთი სადეპუტატო მანდატი მოიპოვა, „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის" — სამი, ხოლო „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა" — ორი.