საქართველოს პრემიერი ეკონომიკის სამინისტროს უფლებამოსილებას ზრდის

© FB / Ministry of Finance of Georgiaდიმიტრი ქუმსიშვილი
დიმიტრი ქუმსიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეკონომიკის სამინისტრო ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროების ფუნქციებს გააერთიანებს.

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შეუერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და დაემატება ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტიც.

ახალ უწყებას უხელმძღვანელებს დიმიტრი ქუმსიშვილი — ამჟამად ფინანსთა მინისტრი, რომელიც ასევე შეინარჩუნებს პირველი ვიცე-პრემიერის სტატუსს.

„თქვენთვის ცნობილია, რომ ეკონომიკის სწრაფი განვითარება, რომელიც ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია, კიდევ უფრო მოქნილი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას ითვალისწინებს", — განაცხადა კვირიკაშვილმა ბრიფინგზე.

ცვლილებების თანახმად, მინისტრების შემადგენლობა 18-დან 14-მდე შემცირდა. მინისტრთა კაბინეტში თანამდებობები ექვსმა მინისტრმა დაკარგა — შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ.

საქართველოს მთავრობის სტრუქტურული რეფორმების განხორციელებისთვის აუცილებელია პარლამენტმა „საქართველოს მთავრობის შესახებ" კანონში სათანადო ცვლილებები შეიტანოს. შესაბამის გადაწყვეტილებას მთავრობის სხდომაზე მიიღებენ.

დიმიტრი ქუმსიშვილი 1974 წლის 7 სექტემბერს დაიბადა. საქართველოს მთავრობაში დღემდე ფინანსთა მინისტრის პოსტი ეჭირა.

1992 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი.

1998 წელს დაამთავრა თსუ-ის ეკონომიკის ფაკულტეტი, სპეციალობა — აღრიცხვა, კონტროლი, აუდიტი.

1995-1996 წლებში იყო წამყვანი სპეციალისტი „გაერთიანებულ ქართულ ბანკში".

1996-1997 წლებში მუშაობდა შპს „აუდიტკონსალტინგში".

1997-1999 წლებში — „ქართუ ბანკის" ხაზინის უფროსი.

1999-2011 წლებში „ქართუ ბანკის" გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე გახდა.

2010 წლიდან შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.

2011-2012 წლებში — ჰოლდინგ „პალიტრა მედიის" ბიზნეს-განვითარების დირექტორი.

2012-2015 წლებში მუშაობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ.

2015 წლის მარტიდან სექტემბრის ჩათვლით ეკავა თბილისის ვიცე-მერის პოსტი.

2015 წლიდან — ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

2016 წლიდან — საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

ყველა ახალი ამბავი
0