თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შეუერთდება და ჩამოყალიბდება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბრიფინგზე.
ახალ უწყებას შინაგან საქმეთა ამჟამად მოქმედი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც მინისტრის თანამდებობას დატოვებს. ცვლილებების თანახმად, სამინისტროების რაოდენობა მცირდება — 18-ის ნაცვლად იქნება 14 უწყება. უქმდება ენერგეტიკის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროები, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
„ეს უნდა იყოს ოპერატიული ფუნქციებით და შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი აპარატი, რომელიც პირდაპირ პრემიერს დაექვემდებარება. გიორგი მღებრიშვილი, მისი გამოცდილებით, იქნება ამ სტრუქტურის კარგი ხელმძღვანელი", — განაცხადა კვირიკაშვილმა.
ცვლილებების თანახმად, შსს-ს მღებრიშვილის ნაცვლად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ამჟამინდელი მინისტრი გიორგი გახარია უხელმძღვანელებს.
სტრუქტურული რეფორმების ჩასატარებლად საქართველოს მთავრობამ ქვეყნის პარლამენტში უნდა შეიტანოს შესწორებები კანონში „საქართველოს მთავრობის შესახებ". შესაბამის საკითხს მთავრობის სხდომაზე გადაწყვეტენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო შსს-ს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქმიანობის კოორდინაციას საგანგებო სიტუაციების თავიდან არიდების, მათი შედეგების შემსუბუქებისა და ლიკვიდაციის მიზნით, ასევე უზრუნველყოფს სამხედრო მდგომარეობის დროს სამოქალაქო თავდაცვის ამოცანების განხორციელებას.
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო 2014 წლის 1 იანვრიდან მუშაობს. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო წარმოადგენს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს და შექმნილია სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის, ქვეყნის სტაბილურობისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის, აგრეთვე, ეროვნული ინტერესებისათვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციის მართვის მიზნით უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად.