თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. ქართული საცეკვაო ანსამბლი „დაისის“ გამოსვლამ პოლონეთში ტალანტების ტელეშოუზე ნამდვილი ფურორი მოახდინა — პროექტის ჟიურის წევრებმა აღნიშნეს, რომ ქართველების ცეკვაში საქართველოს ხასიათი, სული და გული ჩანს.
პოლონურ სცენაზე ქართულმა კოლექტივმა შეასრულა ცეკვა სახელწოდებით „ზეცა“. ცეკვა შეასრულეს სოფო ხინჩაგაშვილმა, მიხეილ დვალიშვილმა, გიორგი გურჩიანმა და ილია ჯინჭარაძემ. მუსიკალური გაფორმება ბენდ „მუცოს“ ეკუთვნის.
ქართული ცეკვის რთული ილეთების ოსტატობამ, დახვეწილობამ და სიდიადემ ჟიურის წევრები აღტაცებაში მოიყვანა. მათ შემსრულებლებს ვირტუოზები უწოდეს, თავად ნომერს — ცეცხლოვანი, ურთულესი და საქართველოს მდიდარი და უძველესი ისტორიის ამსახველი.
შოუს წამყვანები ცეკვის შინაარსით დაინტერესდნენ. „დაისის“ ერთ-ერთი წევრის თქმით, ცეკვა გადმოსცემს იმას, რომ ქალის ძალა იმდენად დიდია, რომ ომის შეჩერებაც კი შეუძლია.
„ბრწყინვალე, სახასიათო გამოსვლა. მოცეკვავეებმა აჩვენეს საოცარი ენერგია, უბადლო ტექნიკა და ბალანსი. ეს ნამდვილი სრულყოფილება იყო. ეს იყო ქართული ხალხის ხასიათი, მათი სული და გული“, — აღნიშნა ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა.
ქართული ანსამბლი „დაისი“ — ქართული ხალხური ცეკვის ერთ-ერთი მოწინავე კოლექტივია საქართველოში. ანსამბლის მიზანია ქართულ ქორეოგრაფიასა და მის ხარისხიან განვითარებაში წვლილის შეტანა. კოლექტივში პროფესიონალი პედაგოგები მუშაობენ, თავად ანსამბლი შესრულების მაღალი ტექნიკით გამოირჩევა. ანსამბლის ხელმძღვანელია მიხეილ დვალიშვილი.