თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ შეიძლება დიპლომატიურ სამსახურში გადაინაცვლოს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრაზე.
გიორგი კვირიკაშვილმა ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებები და საკადრო გადაადგილებები დააანონსა. ცვლილებების თანახმად, სამინისტროების რაოდენობა 18-დან 14-მდე მცირდება. უქმდება ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროები და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. გარდა ამისა, მინისტრთა კაბინეტში რიგი საკადრო გადაადგილებები განხორციელდა.
თანამდებობებს ექვსი მინისტრი გამოემშვიდობება — შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე.
საქართველოს განათლების სამინისტროს არა მარტო ახალი ხელმძღვანელი, არამედ ახალი ფუნქციები ექნება: უწყება ახალგაზრდობის საქმეებითაც დაკავდება, რაც აქამდე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მოვალეობებში შედიოდა.
ალექსანდრე ჯეჯელავას ადგილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი მიხეილ ჩხენკელი დაიკავებს.
„სანდროსთან ვსაუბრობთ, შესაძლოა, ის დიპლომატიურ სამსახურში წავიდეს, თუმცა, როგორც ვესაუბრე, მას გული უფრო ისევ განათლების სფეროში პედაგოგიური მიმართულებით ბიზნეს-საქმიანობისკენ მიუწევს და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ის ჩვენი გუნდის წევრი არის და ძალიან ღირსეული ადამიანია", — განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, თუ სად გააგრძელებს განათლების ყოფილი მინისტრი საქმიანობას, ამ საკითხზე მსჯელობა ახლაც მიმდინარეობს.
ალექსანდრე ჯეჯელავამ განათლების მინისტრის პოსტი 2016 წლის ივნისში დაიკავა. ამ თანამდებობაზე მან თამარ სანიკიძე ჩაანაცვლა.
ხატია გიგოლაშვილი