აზიურმა ფაროსანამ ქართული თხილი შეჭამა

© photo: Sputnik / Sputnik / STRINGERაზიური ფაროსანას მიერ დაზიანებული თხილი
აზიური ფაროსანას მიერ დაზიანებული თხილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიმდინარე წელს აზიური ფაროსანას შემოსევისა და ხეების დაავადებების გამო, თხილის მოსავალი საქართველოში 40%-ით შემცირდა

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. შარშანდელ მონაცემებთან შედარებით, თხილის ექსპორტი საქართველოდან ორჯერ შემცირდა, ნათქვამია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევაში.

კერძოდ, იანვარ-სექტემბერში საქართველოდან 50 მილიონი დოლარის ღირებულების თხილია ექსპორტირებული, მაშინ, როდესაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტის ღირებულებამ 117 მილიონი დოლარი შეადგინა, ციტირებს კვლეცის შედეგებს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხი.

„ამჟამად ექსპორტის მოცულობის შემცირება დაფიქსირდა — გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით, წელს თხილის ექსპორტი 57%-ით ნაკლები იყო. ეს ნიშნავს, რომ ფერმერებს, რომლებმაც საკმაოდ დიდი ინვესტიციები დააბანდეს თხილის პლანტაციებში, სერიოზული პრობლემები შეექმნათ მოგების არარსებობის თვალსაზრისით“, — განაცხადა ISET-ის უფროსმა მკვლევარმა სალომე გელაშვილმა.

ციტრუსების პლანტაცია ჩაქვში - Sputnik საქართველო
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა: ციტრუსების შეწამვლის დროა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ექსპორტის შემცირება 2017 წელს თხილის მოსავლის 40%-ით შემცირებამ გამოიწვია. უწყების განმარტებით, ამის მიზეზია აზიური ფაროსანა, ასევე ხეების სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებები.

„უნდა გატარდეს აგროტექნიკური ღონისძიებები, თუ ჩვენ მათ არ გავატარებთ, ისევ არ გვექნება თხილისა და სხვა კულტურების მოსავალი“, — განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

აზიური ფაროსანა საქართველოსთვის სერიოზულ გამოწვევად იქცა. გასულ ზაფხულს მავნებელმა სერიოზული ზიანი მიაყენა დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას, სადაც მავნებლებმა არა მარტო გაანადგურეს მოსავალი, არამედ საცხოვრებელ სახლებშიც დაიდეს ბინა. ოქტომბერში აზიური ფაროსანა თბილისშიც გამოჩნდა. დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი ფაროსანას თითქოსდა კბენის შემდეგ ალერგიულ რეაქციებზე საუბრობდა.

მავნებლებს სითბო უყვართ და ამიტომაც სახლებში ცდილობენ შეღწევას. ისინი იზამთრებენ წიგნის თაროებზე, დივნებისა და საწოლების ქვემოთ, კედლების ბზარებში, სათავსოებში და ა.შ. ამასთან, სახლებში აზიური ფაროსანა არ მრავლდება.

სახლში ფაროსანას შემოღწევისგან დასაცავად სააგენტო რეკომენდაციას იძლევა, რომ მოსახლეობამ ფანჯრებსა და კარებზე დამცავი ბადეები გამოიყენონ, სახლიდან გაიტანონ ყველა მცენარე და გარდა ამისა, მავნებლებს სახლში შემოსაღწევი ყველა ალტერნატიული გზა მოუსპონ.

შენობებში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო საშუალება მექანიკური განადგურებაა. ასევე შეიძლება მტვერსასრუტის გამოყენებაც, თუმცა, რაღაც პერიოდის შემდეგ მავნებლის განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, მტვერსასრუტს უსიამოვნო სუნი ექნება.

სპეციალისტების სიტყვებით, აზიური ფაროსანა ტემპერატურის კლების გამო საცხოვრებელი სახლებისა და ქალაქებისკენ მიგრირებს. მავნებელს რამდენიმე ათეული კილომეტრის მანძილის გადალახვა შეუძლია.


ყველა ახალი ამბავი
0