თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. იჟევსკში ცხრასართულიანი სახლის ჩამონგრეული სადარბაზოს ნანგრევებში მაშველებმა ოთხი გარდაცვლილის ცხედარი აღმოაჩინეს, იუწყება РИА Новости უდმურტიის რესპუბლიკის საგანგებო სამსახურებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით.
9 ნოემბერს რუსეთის ქალაქ იჟევსკში ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ცხრავე სართული ჩამოიშალა.
„აღმოჩენილია მეოთხე დაღუპულის ცხედარი. სულ დაშავდა რვა ადამიანი, მათგან ოთხი დაიღუპა", — განაცხადა სამსახურის თანამშრომელმა.
საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მონაცემებით, საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევისას 8 ბინა მთლიანად დაინგრა. მანამდე აცხადებდნენ სამი დაღუპულისა და ოთხი დაჭრილის შესახებ, მათ შორის ერთი მაშველია. ერთ-ერთი დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია.
ექვსსადარბაზოიანი სახლის ყველა მაცხოვრებელი ევაკუირებულია. ისინი ორ ახლომდებარე სკოლაში განათავსეს. წინასწარი ვერსიით, ჩამონგრევის მიზეზი ბუნებრივი აირის აფეთქება გახდა.
მაშველები ნანგრევებში ადამიანების ძებნას აგრძელებენ. სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება.
ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.