თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. თამბაქოს აქციზის გადასახადი კიდევ გაიზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თამბაქოს პროდუქტები გაძვირდება, განუცხადა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ ტელეკომპანია „იმედს" (Imedi).
„საუბარია მოხმარების შემცირებაზე. ჩვენი გათვლებით, აქციზის ფასის ყოველი 10%-ით მატება იწვევს 5-8%-ით მოხმარების შემცირებას. თუ ადრე ადამიანი 20 ღერს ეწეოდა, ახლა მოწევს 8-9 ღერს. ჩვენ შემთხვევაში მოწევის 15%-იანი შემცირება იმიტომ მოხდა, რომ დაახლოებით 30%-ით მოიმატა აქციზმა. მწეველთა რაოდენობა შესაძლოა ბევრით არ მცირდება, თუმცა თითოეული მწეველი სულ უფრო ნაკლებს ეწევა ფასის გამო", — განაცხადა აკაკი ზოიძემ.
დეპუტატის თქმით, გარდა ამისა, კომპანიებმა მარაგებიც შეამცირეს, რადგან ახალ რეგულაციებს ელოდებიან, რომელიც თამბაქოს ახალი კანონმდებლობით უნდა ჰქონდეთ.
„ვინაიდან შესაცვლელი იქნება შეფუთვები, მარაგებს არ იტოვებენ. ჩვენ გვაქვს ევროკავშირთან ვალდებულება და აქციზმა უნდა მოიმატოს ეტაპობრივად და 2020 წლამდე ამ მატებამ 1/3 უნდა შეადგინოს. მაგალითად, თუ ახლა ფილტრიან სიგარეტზე აქციზი დაახლოებით 2 ლარი ღირს, უნდა გახდეს 3 ლარამდე. ჩვენ მხოლოდ მივესალმებით თამბაქოზე აქციზის მომატებას", — აღნიშნა აკაკი ზოიძემ.
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 1/3 მწეველია. ამ მაჩვენებლით ქვეყანას მსოფლიოში მეექვსე ადგილი უჭირავს, ევროპაში კი საქართველო მეორე ადგილზეა. სწორედ თამბაქოს მოხმარება სახელდება სიმსივნეების, სხვადასხვა გულსისხლძარღვთა დაავადებრებისა და ნაადრევი სიკვდილის მიზეზად.