თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. რუსეთში მოღვაწე ყაზახური წარმოშობის პოპულარული რეპ-შემსრულებელი ნატანი (Natan) სცენაზე ცნობილი ქართველი დიზაინერის გოგა ნიქაბაძის კოსტიუმით გამოვიდა.
კონცერტი სახელწოდებით „ტიმატის თაობა“, რომელზეც ნატანი ლამაზი შვინდისფერი კოსტიუმით წარდგა, მოსკოვში „ოლიმპიისკის“ სპორტკომლექსში გაიმართა.
„სასიამოვნოა შენი გაცნობა. ნატან, შენ მაგარი მსახიობი და ადამიანი ხარ!“ — წერს Instagram-ის საკუთარ გვერდზე გოგა ნიქაბაძე.
რეპ-შემსრულებელი ნატან მიროვი წარმოშობით ალმატიდან არის. რეპით ბავშვობიდან არის გატაცებული. ალბომების ჩაწერა ჯერ კიდევ სამშობლოში დაიწყო, შემდეგ მოსკოვში გაემგზავრა, სადაც მოხვდა ტიმატის კასტინგზე „ახალი სისხლი“. შედეგად მასთან Black Star Inc-მა კონტრაქტი გააფორმა.
ნატანის შესრულებით ყველაზე პოპულარული ტრეკია Слышь, ты че такая дерзкая? რომელიც Black Star Mafia-ს მთავარი მოქმედი პირის — ტიმატის მონაწილეობით ჩაიწერა.
გოგა ნიქაბაძე დიზაინერია, რომელიც მოსკოვში მოდის კრიტიკოსების, ბლოგერებისა და მოდური სტილის მქონე ქალების ფავორიტად ითვლება. ბათუმელმა მოდელიერმა პირველი კოლექცია 14 წლის ასაკში შექმნა, 2001 წელს კი შეიქმნა მისი ბრენდი GOGA NIKABADZE.
2011 წელს გოგა ნიქაბაძემ Slava Zaitsev Fashion Lab-ში სტაჟირება გაიარა, სადაც ის კოსტიუმის პროექტირებას სწავლობდა და რუსული მოდის ლეგენდის საყვარელი მოსწავლე გახდა. უკვე 2013 წელს გოგამ გამოუშვა მამაკაცის ტანსაცმლის ხაზი, რომლის პრეზენტაციამ მოსკოვში Mercedes-Benz Fashion Week Russia-ზე დიდი წარმატებით ჩაიარა.
სამოსს, აქსესუარებსა და ფეხსაცმელს გოგა თბილისის სახელოსნოში ქმნის. მოდელიერის თქმით, ბრენდის მესიჯია "ჭკვიანი ფუფუნება", სამოსი ტრენდების ნამდვილი მოყვარულთათვის, რომელშიც კოსტიუმის შექმნის ევროპული სკოლა ოდნავ შესამჩნევ აღმოსავლურ აქცენტს ერწყმის.