კინოფესტივალი პოლიტიკის გარეშე, რომელზეც ბაგა-ბაღის მიერ წარდგენილმა ფილმმა გაიმარჯვა

© Courtesy of Tengiz Malaniaდაჯილდოვების ცერემონია კინოფესტივალზე
დაჯილდოვების ცერემონია კინოფესტივალზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში უკვე მეთორმეტედ ჩატარდა ბავშვთა და მოზარდთა საერთაშორისო კინოფესტივალი „თბილისური აისი“. მასში მონაწილეობის მისაღებად ამჯერად 14 ქვეყნიდან 50 ბავშვი ჩამოვიდა.

ფესტივალის სტუმრებმა იხილეს ბავშვების მიერ გადაღებული ფილმები საქართველოდან, შვედეთიდან, დანიიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან, ჰოლანდიიდან, გერმანიიდან, ხორვატიიდან და პოლონეთიდან…

ჟიურის შემადგენლობაში ქართველების გარდა ოთხი უცხოელი რეჟისორი იყო. ჟიურის თავმჯდომარე ლომერ ახვლედიანი იყო. ფესტივალზე თბილი და უშუალო გარემო სუფევდა და სავსე იყო სიურპრიზებით. ზოგჯერ მოულოდნელი პასაჟების გამო დარბაზი თავად ემსგავსებოდა გადასაღებ მოედანს, სადაც ყველა მონაწილეს მისთვის განკუთვნილი როლი ჰქონდა… აქვე გეტყვით, რომ ფესტივალის გრან-პრი უკრაინას გადაეცა, ხოლო „ოქროს ვარსკვლავი“ — საქართველოს მიერ წარდგენილ ფილმს.

© FB / Tengiz Malaniaდაჯილდოების ცერემონია კინოფესტივალზე
დაჯილდოების ცერემონია კინოფესტივალზე - Sputnik საქართველო
დაჯილდოების ცერემონია კინოფესტივალზე

ფესტივალის შესახებ მის ორგანიზატორს, “პიონერფილმის“ დამაარსებელს გრიგოლ ჩიგოგიძეს გავესაუბრეთ:

– ბატონო გრიშა, კმაყოფილი ხართ?

— მარტო კმაყოფილი კი არა, ბედნიერი ვარ, რომ ფესტივალი ასე კარგად ჩატარდა. სახალისო და აღსანიშნავი პირველ რიგში ის იყო, რომ ერთად შეკრებილი ამდენი გაღიმებული და გახალისებული ბავშვი, თანაც, დაპირისპირებული ქვეყნებიდან იშვიათად ვინმეს უნახავს. მე ვფიქრობ, ამ ფესტივალის დამსახურებაც ეს იყო, რომ ეს ბავშვები ერთმანეთს შეახვედრა და დააახლოვა. დამშვიდობების დროს იყო ცრემლიც და სიცილიც, რაც მთავარია, მათ საქართველოში გატარებული ლამაზი დღეების მოგონებები წაიღეს.

– როგორც ჩანს, ასეთ შედეგს არ ელოდით…

— ნამდვილად არ ველოდით, იმიტომ რომ ფესტივალისთვის მზადება გვიან დავიწყეთ. უცხოელები, ხომ იცით, ორი წლით ადრე გეგმავენ ხოლმე ცხოვრებას. ჩვენ კი წერილების გაგზავნა იანვრის ბოლოს დავიწყეთ და ამდენი ქვეყანა თუ ჩამოვიდოდა, არ ველოდით. ფესტივალი ტექნიკურად კარგად იყო ორგანიზებული, ყველა ფილმს ინგლისური ტიტრები ახლდა, ჩვენი ბავშვებისთვის კი ქართულად ითარგმნებოდა.

© Courtesy of Tengiz Malaniaკინოფესტივალის მონაწილე ბავშვები
კინოფესტივალის მონაწილე ბავშვები - Sputnik საქართველო
კინოფესტივალის მონაწილე ბავშვები

– გამარჯვებულ ფილმებზე რას იტყვით?

— ფესტივალის გრან-პრის მფლობელი გახდა უკრაინული ახალგაზრდული კინოცენტრის, სტუდია “ვესნიანკას“ ფილმი “პან პიპას გასეირნება“. ხოლო “ოქროს ვარსკვლავი“ გადაეცა თბილისის 107-ე ბაგა-ბაღის ბაზაზე დამზადებულ ფილმს “ახდენილი ოცნება“. საერთოდ, საფესტივალო დღეები დატვირთული იყო საინტერესო სანახაობით და ემოციით… ერთი დღე მონაწილეებს სტუდია “პიონერფილმის“ მიერ გადაღებული ფილმები ვაჩვენეთ. ჩატარდა ჩემი საღამო, ამ დღეებში 75 წლის გავხდი. ბავშვებმა მცხეთა მოინახულეს, ერთმა ქართულმა რესტორანმა გვიმასპინძლა, იყო სიმღერა და ცეკვა, მოკლედ, ყველამ მოილხინა.

– ანუ ფესტივალმა სახალხო დიპლომატიის ფუნქციაც იკისრა…

— ასე გამოდის, და ეს კარგია. ერთი დღე ჩვენს სტუმრებს ქართულმა ოჯახებმა უმასპინძლეს. ბავშვებმა ჩვეულებრივი ქართული ოჯახები გაიცნეს. მოვინახულეთ “პიონერფილმელი“ გიორგი მამულაშვილის იდეით შექმნილი ავტომუზეუმი, სადაც ბავშვებმა რეტრო-მანქანებში ფოტოები გადაიღეს…

© Courtesy of Grigol Chigogidzeდაჯილდოების ცერემონია კინოფესტივალზე
დაჯილდოების ცერემონია კინოფესტივალზე - Sputnik საქართველო
დაჯილდოების ცერემონია კინოფესტივალზე

– ალბათ ახსენებთ მათ, ვინც გვერდში დაგიდგათ…

— გეტყვით, რომ იშვიათად ვინმეს ასეთი დაფინანსება ჰქონოდა, როგორც ჩვენ გვქონდა და სასახლეშიც ასეთი ღონისძიება იშვიათად ჩატარებულა. საქართველოს კულტურის ფონდმა გადასცა თანხა “პიონერფილმს“, საიდანაც მინდა, რომ ბავშვებს სიმბოლურად რაღაც გადავცე. ბატონმა მაქს შავიტმა დაგვიმზადა გენიალური გრან-პრი, პრიზი, რომელიც გამარჯვებულს გადაეცა და მადლობა მინდა მას გადავუხადო. “ნეოსტუდიამ“ ხულოდან ჩამოსულ ბავშვებს ტელეფონის აპარატი აჩუქა. ბატონ ლევან კახიშვილს, რომელიც “პიონერფილმელია“ და ძალიან მწირი ხელფასი აქვს, ვიდეოკამერა გადაეცა. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ასევე პიონერფილმელებს, რომლებმაც მართლა კარგად იმუშავეს. რაც მთავარია, საქართველოდან სტუმარმა ბავშვებმა სიყვარული წაიღეს…

ლუდმილა მალანია — ფესტივალში მონაწილე ფილმის, სკოლამდელთა კინოპროექტის ავტორი.

© FB / National Youth Palaceლუდმილა მალანია და პატარა ბალერინა ბარბარე ლომიძე
ლუდმილა მალანია და პატარა ბალერინა ბარბარე ლომიძე - Sputnik საქართველო
ლუდმილა მალანია და პატარა ბალერინა ბარბარე ლომიძე

– ქალბატონო ლუდმილა, რამდენადაც ვიცი, მსგავს კინოფესტივალში სკოლამდელ დაწესებულებას ჯერ არ მიუღია მონაწილეობა, როგორ გაჩნდა ასეთი იდეა?

— ეს პროექტი 107-ე საბავშვო ბაგა-ბაღის ბაზაზე მოვამზადეთ. იდეას რაც შეეხება, ალბათ იცით, რომ საბავშვო ბაღებში არის პატარა დრამ-კუთხეები, სადაც ბავშვები თამაშობენ – ზოგი მათგანი ვითომ მსახიობია, ზოგი ვითომ რეჟისორია და ფილმს იღებს. დავაკვირდი, რომ ბავშვები ხშირად სარგებლობენ მშობლების აიფონებით და ერთმანეთს ვიდეოს უღებენ. მერე მათ დავალებას ვაძლევდი, რომ სხვადასხვა თემაზე რაიმე სიუჟეტი გადაეღოთ, ვცადეთ და გამოვიდა. პრესიდან შევიტყვეთ ამ კინოფესტივალის შესახებ და მასში მონაწილეობის სურვილი გაგვიჩნდა. მივეცი დავალება მასწავლებელს, რომ გადაეღოთ კადრები, ამ ფილმს პრიზი “ოქროს ვარსკვლავი“ გადაეცა. ეს იყო პირველი პროექტი, როცა ამ რანგის ფესტივალში სკოლამდელი დაწესებულება იღებდა მონაწილეობას. ჩვენ მიერ წარმოდგენილი ფილმი “ახდენილი ოცნება“ პატარა ბალერინაზე ბარბარე ლომიძეზეა. ფილმი იმაზეა, თუ როგორ ოცნებობს ის დიდ სცენაზე გამოსასვლელად, როგორ გამოდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სარკეებიან დარბაზში და ამით ოცნებას ისრულებს. ვფიქრობ, მსგავსი სახის პროექტის გაგრძელება მომავალშიც შეიძლება. მადლობას ვუხდი ფესტივალის ორგანიზატორებს იმისთვის, რომ ასეთი შანსი მოგვეცა…

ფესტივალი მომავალ წელსაც ჩატარდება და ის კიდევ ბევრ ინოვაციას ჰპირდება მაყურებელს.

 

ყველა ახალი ამბავი
0