1997 წელი იდგა არცთუ დალხენილი ცხოვრებით. მაშინ ჯანსუღ ჩარკვიანი საქართველოს პარლამენტის წევრი იყო. ერთმანეთს შევხვდით, სასაუბროს მასთან რა დაულევდა კაცს — თავისი ენაწყლიანობითა და დიდი შინაგანი მუხტით ცნობილი ორატორი იყო. საუბარი, რა თქმა უნდა, ქართველი ერის გასაჭირით დავიწყეთ:

ჯერ კიდევ როდის ბრძანებდა დიდი აკაკი: „ჩონგური საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველაო, ერთი მათგანიც რომ გაწყდეს“… და აკი გაწყდა კიდეც. ვუშველეთ?— ჯერჯერობით ბოლომდე — ვერა! ძნელი ყოფილა გაწყვეტილი სიმის აღდგენა!

ამის შემდეგ ადამიანის უმთავრეს მიზანსა და დანიშნულებაზე ჩამოაგდო სიტყვა. გულნატკენი საუბრობდა იმაზე, რომ დავკარგეთ ერთმანეთის ნდობაც და სიყვარულიც. გამოსავალს მაინც სწორად წარმართულ აღზრდაში ხედავდა და არ იქნება ზედმეტი, თუ ვიტყვით, რომ ამ მხრივ მაორიენტირებელი წესიც კი შემოგვთავაზა:
ადამიანს სიყვარულს ვერ დააძალებ, ვერც სიძულვილს… კაცი ბავშვობიდან უნდა მოდიოდეს, ბავშვს სიკეთე უნდა აუნთო გულში, არ უნდა გააბოროტო. ბავშვს სული უნდა ჩაუნერგო მეგობრობისა. ბავშვი ზემოურ-ქვემოურის წესით არ უნდა გაზარდო. ჩვენ მაშინ შევიყვარებთ ერთმანეთს, როცა ერთი იქნება საქართველო, ერთი, მთლიანი…

მისი საყვარელი თემა იყო ისეთ მარადიულ ფასეულობაზე საუბარი, როგორიც თავისუფლებაა. თითქოს რაღაც სევდა შეეპარა ხმაში და თქვა:
ძნელია თავისუფლების მოპოვება! გახსოვთ, ალბათ, ერთი სტრიქონი ქართული სიმღერიდან: „მაცალე, ერთიც ავლესო!“… ვინ გაცლის ხმლის ალესვას?! ძალიან ძნელია თავისუფლება. ის მაინც სიკეთესა და სიყვარულს მოაქვს და, თანაც, თავისუფლება, ნაღდად, ლომთა ხვედრია!
რა თქმა უნდა, თუ მწერალი ხარ და ილიას გზაზე დგახარ, მაშინ შენი და ერის სატკივარი ერთი მთლიანობაა. ასე ცხოვრობდა ჯანსუღ ჩარკვიანიც. მისი ფიქრი, ტკივილი და სიხარული საქართველო იყო. საუბრის დამთავრებისას უცებ თითქოს რაღაც გაახსენდაო, შემოტრიალდა და მითხრა:
ვინ გვებრძოდა აფხაზეთში? ვინ გვედავებოდა მშობლიურ მიწას?— აფხაზები თავიანთი ხუთასკაციანი ჯარით?! დღეს ხშირად მეკითხებიან ხოლმე, როდის დავიბრუნებთ აფხაზეთსო. მხოლოდ ერთი პასუხი მაქვს — როცა ეთმანეთს დავიბრუნებთ, მაშინ დავიბრუნებთ აფხაზეთსაც. დიახ, ჯერ ერთმანეთი უნდა დავიბრუნოთ!
პოეტის ეს ოცნება ოცნებადვე დარჩა. ქართველებს ჯერ ერთმანეთთან გასაყოფად და საძიძგნად არ მოგვითავებია საქმე.
ახლა ყოველ ჩვენგანს ჯანსუღ ჩარკვიანის სტრიქონები ახსენდება, სიმღერებიდან აკვიატებული მისეული ფრაზები… მე კი მხოლოდ ეს სტროფი მომეძალა, დიდი ხნის წინ ნათქვამი, ახლაც ერის პრობლემადაც რომ ქცეულა:
სადღაც სიყვარულის ხანძარს
ცივი წყალი მიუშვეს,
ახლა მოდაშია ლანძღვა,
ვებრძვით სხვათა სიმრუშეს!

დღეს, როცა ჯანსუღ ჩარკვიანი მარადისობის მკვიდრი გახდა, უფრო სხვა სტატუსი შეიძინა მისმა ცხოვრებამაც და პოეტურმა სიტყვამაც, თუმცა რამ გაყო ერთმანეთისგან მწერლის პიროვნული და შემოქმედებითი!..