თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. ტრანსპლანტოლოგიის წარმატებების შედეგად, მამაკაცები ბავშვების გაჩენას „უკვე ხვალიდან“ შეძლებენ, განაცხადა რეპროდუქტიული მედიცინის ამერიკული საზოგადოების პრეზიდენტმა რიჩარდ პოლსონმა, იუწყება РИА Новости ბრიტანული გამოცემა The Independent-ზე დაყრდნობით.
პოლსონის მტკიცებით, უახლოეს მომავალში საშვილოსნოს გადანერგვა გახდება ხელმისაწვდომი არა მხოლოდ ქალებისთვის, არამედ მამაკაცებისთისაც. სპეციალისტი ვარაუდობს, რომ მსგავს ოპერაციაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი მოთხოვნა იქნება და ამას ტრანსგენდერების რიცხვის ზრდასა და სქესის ქირურგიული შეცვლის პოპულარობას უკავშირებს.
„ამის გაკეთებას უკვე ხვალიდან შეძლებთ. გარკვეული სირთულეები არსებობს, მაგრამ ვერანაირ სერიოზულ პრობლემას ვერ ვხედავ, რომელიც ამ პროცედურას შეუძლებელს გახდიდა“, — განაცხადა ექიმმა სან-ანტონიოში (ტეხასის შტატი) რეპროდუქტიული მედიცინის დარგში სპეციალისტთა ყოველწლიურ ყრილობაზე.
თუმცა, პოლსონის თქმით, გადანერგილი ორგანოს მფლობელებს მშობიარობა საკეისრო კვეთის მეშვეობით მოუწევთ. გარდა ამისა, ორსულობის დადებითი მიმდინარეობის მიზნით პაციენტებს ჰორმონალური თერაპიის გავლაც მოუწევთ.
დღეისათვის საშვილოსნოს გადანერგვის ცხრა წარმატებული ოპერაციის შესახებ არის ცნობილი. ამ სფეროს წამყვან სპეციალისტებად შვედი ექიმები მიიჩნევიან.