თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. პოპულარული ტელესერიალ „ბანქოს სახლის“ მომდევნო, მეექვსე სეზონი შეიძლება გადაიღონ ფრენკ ანდერვუდის, კევინ სპეისის პერსონაჟის გარეშე, რომელიც ორმა მსახიობმა სექსუალურ შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს, იუწყება РИА Новости გამოცემა Variety-ზე დაყრდნობით.
მანამდე, კევინ სპეისის ირგვლივ ატეხილი სკანდალის ფონზე კომპანიებმა Netflix-მა და MRC-მა „ბანქოს სახლის“ მეექვსე სეზონის გადაღების შეწყვეტის შესახებ განაცხადეს.
ამჟამად პროდიუსერები რამდენიმე შესაძლო სცენარს განიხილავენ. ერთ-ერთის თანახმად, მეექვსე სეზონში ფრენკ ანდერვუდი აღარ იქნება და მთავარი პერსონაჟი მისი მეუღლე, კლერ ანდერვუდი გახდება, რომლის როლს რობინ რაიტი ასრულებს.
იმისათვის, რომ გაარკვიონ, შეუძლიათ თუ არა სერიალის პროდიუსერებს გაადღებების გაგრძელება სპეისის გარეშე, ისინი მასთან გაფორმებულ კონტრაქტს სწავლობენ. მათ განაცხადეს, რომ ამ მსახიობის გამო მთლიანი გადამღები ჯგუფის „დასჯა“ არ სურთ.
„ბანქოს სახლი“ — ამერიკული ტელესერიალი თეთრ სახლსა და კონგრესში ინტრიგების შესახებ. ეს პოლიტიკური დრამა ეთერში 2013 წლიდან გადის.
მანამდე სერიალ Star Trek-ის ვარსკვლავმა ენტონი რეპმა განაცხადა, რომ როდესაც ის 14 წლის იყო, კევინ სპეისი მის შეცდენას შეეცადა. როგორც 46 წლის რეპი იხსენებს, ეს 1980-იანების დასაწყისში ერთ-ერთ წვეულებაზე მოხდა, როდესაც მსახიობები ბროდვეის სცენაზე ერთ-ერთ მიუზიკლში ერთად თამაშობდნენ.
სპეისიმ რეპს ბოდიში მოუხადა, თუმცა განაცხადა, რომ არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური შეურაცხყოფის ფაქტს ვერ იხსენებს. მეტიც, სპეისიმ აღიარა, რომ მას მამაკაცებთან ურთიერთობები აკავშირებდა.
მოგვიანებით სპეისის მხრიდან სექსუალური შეურაცხყოფის შესახებ მექსიკელმა მსახიობმა რობერტო კავაზოსმა განაცხადა. მეტიც, მისი განცხადებით, ის ბევრ სხვა ადამიანს იცნობს, რომლებიც ანალოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.