თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. BMW-ს მარკის ავტომობილი, რომელიც 22 წლის საქართველოს მოქალაქე ხაჩატურ მანუჩარიანს ეკუთვნის, სოხეთში ქალაქ ვანაძორისა და სოფელ გულაკარაგის დამაკავშირებელ გზაზე ავარიაში მოხვდა, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ სომხეთის საგანგებო მდგომარეობის სამინისტროს პრესსამსახურში.
ავტოსაგზაო შემთხვევა ხუთშაბათ საღამოს მოხდა. ავტომობილმა გზიდან გადაუხვია, შემდეგ კი ის გადაბრუნდა და აალდა. ადგილზე სახანძრო ბრიგადა გამოცხადდა. ხანძარი ჩააქრეს, მაგრამ მანქანა მთლიანად დაიწვა. სამართალდამცველებმა მძღოლი და მგზავრები ადგილზე ვერ აღმოაჩინეს.
„ჩვენი მონაცემებით, მათ საავადმყოფოებისთვის არ მიუმართავთ. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება და ყველა გარემოება დგინდება — დაეკისრება მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა თუ არა“, — განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ სომხეთის პოლიციის პრესსამსახურის თანამშრომელმა.
პოლიციაში ასევე განაცხადეს, რომ ავარიიდან რამდენიმე საათის შემდეგ ქალაქ ვანაძორის საავადმყოფოს სხვადასხვა დაზიანებით სომხეთის ორმა მოქალაქემ მიმართა. მათ ექიმებს უამბეს, რომ სახლში წაქწევისას დაშავდნენ. პოლიციის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ ისინი არა სახლში, არამედ ავტოავარიაში მოხვედრილ ავტომობილში დაშავდნენ.