თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პენსიების ზრდა დააანონსა.
3 ნოემბერს პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართა, რომელზეც ფინანსთა მინისტრმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი წარადგინა.
ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ 2019 და 2020 წლებში პენსიები 20 — 20 ლარით გაიზრდება, ნათქვამია პარლამენტის ვებგვერდზე.
„ძალიან მალე საქართველოს პარლამენტში შემოვა საპენსიო რეფორმის კანონი, შესაბამისად ჩვენ გამიზნული გვაქვს, რომ აღნიშნულ კანონში იქნება საბაზისო პენსიაზე ინდექსაციის ჩანაწერი, თუმცა სანამ ინდექსაციის ჩანაწერს განვიხილავთ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2019 და 2020 წელს ინდექსაციის მეთოდით 20 ლარით 2019 და 20 ლარით 2020 წელს გაიზრდება პენსიები“- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
პენსიები საქართველოში ბოლოს 2016 წლის აგვისტოში გაიზარდა — 12,5%-ით და 180 ლარი შეადგინა.
ამასთან, საქართველოს მთავრობა უკვე 2018 წლის ზაფხულში დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედებას გეგმავს, რომელიც სავალდებულო იქნება 40 წელს ქვევით პირებისთვის და არჩევითი — 40 წელს ზევით პირებისთვის. დაგროვებითი პენსიების სისტემით, მისი გადახდა პირის პენსიაზე გასვლის შემდეგ დაიწყება.
იხილეთ ასევე: „პენსიები საქართველოში — გადარჩენის ინსტრუქცია" >>>
2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ასიგნება სოციალურ სისტემასა და საპენსიო უზრუნველყოფაზე 2 მილიარდ 465,9 მილიონი ლარის დონეზე იგეგმება, რაც მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით 27,9 მილიონი ლარით მეტია.