ბათუმის პორტში ნატოს საბრძოლო გემები შემოვიდნენ

© FB / Ministry of Internal Affairs of Georgiaნატოს სამხედრო ხომალდი
ნატოს სამხედრო ხომალდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნატოს გემები საქართველოში საპორტო მისიით შემოვიდნენ, რომლის დროსაც სხვადასხვა საჩვენებელი სწავლება და წვრთნა გაიმართება

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. ბათუმის პორტში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის საფლაგმანო ხომალდი REGELE FERDINAND და ნატოს საზღვაო შენაერთის თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი შემოვიდა, აღნიშნულია საქართველოს შსს-ს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

გემები საქართველოს საპორტო მიზნით ესტუმრნენ. მას მასპინძლობენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ბულგარეთის საელჩო. დელეგაციას ხელმძღვანელობს ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების (MARCOM) სარდლის მოადგილე, ვიცე-ადმირალი ერვი ბლეჟონი. პარასკევს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში კიდევ ნატოს წევრი ქვეყნების ორ ხომალდს ელოდებიან.

„ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ხომალდები ბათუმის ნავსადგურში 6 ნოემბრამდე დარჩებიან და ქართული მხარის მიერ ორგანიზებულ, სხვადასხვა ერთობლივ სწავლებასა და საჩვენებელ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. აღნიშნული ღონისძიებები მიზნად ისახავს საქართველოს, ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების საზღვაო ძალების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლებას", — ნათქვამია განცხადებაში.

ვაზიანის პოლიგონზე Noble Partner სამხედრო წვრთნების ფარგლებში საბძროლო სროლები გაიმართა - Sputnik საქართველო
ნატოს ქვეყნების ჯავშანტექნიკა საქართველოში: წვრთნების კადრები

შსს-ს ინფორმაციით, ვიცე-ადმირალი ერვი ბლეჟონი შეხვედრას გამართავს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან. შეხვედრის შემდეგ გაიმართება პრესკონფერენცია, რომელშიც მღებრიშვილისა და ბლეჟონის გარდა, მონაწილეობას მიიღებენ ნატოს სამეკავშირეო ოფისის უფროსის მოადგილე როსარია პუგლისი და ნატოს ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდების შენაერთის მეთაური ჯასთინ ჰეინისი.

დელეგაციის წევრები ეწვევიან საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს, რომელიც სუფსის პორტის ტერიტორიაზე 2014 წლიდან მუშაობს.

ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2) საქართველოს უკვე მესამედ ეწვია.

SNMCMG2 ხმელთაშუა ზღვის აკვატორიაში ოპერაცია „ზღვის მცველს" უჭერს მხარს და ხელს უწყობს ზღვაზე საერთაშორისო მიმოსვლის უსაფრთხოებას. ის, ასევე, წარმოადგენს ნატოს სწრაფი რეაგირების (NRF) საზღვაო კომპონენტს.

საქართველოს შსს ოპერაციაში „ზღვის მცველი" ტაქტიკური მემორანდუმის საფუძველზე მონაწილეობს. კერძოდ, 2014 წლიდან ნატოს საზღვაო ძალების სარდლობაში, მეკავშირე ოფიცრის სახით, მივლენილია შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი, რომელიც აღნიშნული ოპერაციის წარმატებით განხორციელებას უწყობს ხელს.

 

ყველა ახალი ამბავი
0