80-იან წლებში ერევანს ხშირად ვსტუმრობდი, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან მიწევდა ურთიერთობა, მათ შორის იყვნენ ქურდული სამყაროს წარმომადგენლებიც. ერთი ასეთი გახლდათ ბ. ა. (გასაგები მიზეზის გამო ვინაობას ვერ გავამჟღავნებ), მეტსახელად „ბაბკენ“. საკმაოდ განათლებული და მრავალმხრივი პიროვნება აქტიურ „შავ სამყაროს“ უკვე ჩამოცილებული იყო, თუმცა ავტორიტეტი არ დაეკარგა. მისი დედა, ქალბატონი სირანა უგემრიელეს ტოლმას აკეთებდა და ყოველ ჯერზე მიწევდა ამ ტოლმის დაგემოვნება. ერთხელაც ვახშამზე შემოგვესწრო ბაბკენას მეგობარი, მილიციის გადამდგარი პოლკოვნიკი სახელად აშოტი, რომელმაც საოცარი ისტორია მიამბო:
გამოჩენილი მოჭადრაკე ტიგრან პეტროსიანი, მას შემდეგ, რაც მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, სომხეთის უგვირგვინო მეფედ ითვლებოდა. მთელი მსოფლიოს სომხური დიასპორები მისთვის საჩუქრებს არ იშურებდნენ და სახლში ლამის მუზეუმი ჰქონდა. სხვებს არც თბილისელი სომხები ჩამორჩნენ, დიდძალი ფული შეუგროვებიათ და უძვირფასესი ჭადრაკი უჩუქებიათ. დაფა ინკრუსტირებული, შავ-თეთრი მარმარილოსი იყო, გვარიანად მოზრდილი ფიგურები კი ბაჯაღლო ოქროსგან იყო ჩამოსხმული და თითოეული მათგანი ლალით, ფირუზითა და ბრილიანტით იყო მოოჭვილი. ოცდათორმეტი საჭადრაკო ფიგურის საერთო წონა 3 კილოგრამს აღემატებოდა, 66 ცალი ძვირფასი თვალი კი 100 კარატს აჭარბებდა. მაშინდელი შეფასებით, ამ საჩუქრის ფასი მილიონ-ნახევარ მანეთს აჭარბებდა.
იმ პერიოდისთვის ეს დიდი ფული იყო. მოკლედ, ერთ მშვენიერ ზაფხულის დღეს, როცა ბატონი ტიგრანი ლონდონში ტურნირზე ასპარეზობდა, ხოლო ოჯახის წევრები დასასვენებლად ზღვაზე იყვნენ, ეს ფიგურები გაქრა. როგორი საქმეა, თვით მეფე ტიგრანი გაქურდეს! სომხეთის სამართალდამცველი სისტემები დღე-ღამეს ასწორებდნენ, მაგრამ ვერაფერს მიაკვლიეს. მაშინ ჩემ თანამოსაუბრეს სოლიდური თანამდებობა ეკავა და შემდგომი თხრობის პრეროგატივას მას დავუთმობ:
— ერევნის ციხეში ერთი თბილისელი ქურდი იჯდა, მეტსახელად „პეშკა“. თავის სამყაროში გავლენიან ავტორიტეტად ითვლებოდა. მივედი მასთან, მოვუყევი რაც მოხდა და დახმარება ვთხოვე. ასე მიპასუხა: „ტიგრან პეტროსიანი თბილისში დაბადებულ–გაზრდილია, ასე რომ, ეგ ამბავი არც მე მომწონს. აქედან ვერაფერს გავხდები, თუ მენდობით და გამიშვებთ, სამ დღეში მეცოდინება შევძლებ თუ ვერა დახმარებას“. მაშინვე მინისტრთან გავქანდი, საქმე ისეთი რეზონანსული იყო, რომ რისკზე წავედით და გადავწყვიტეთ სამი დღით გამოგვეშვა. ვენდეთ „პეშკას“ პატიოსან სიტყვას. წასვლისას ორი პირობა წამოაყენა – უკან არავინ უნდა ადევნებოდა და სესხად ასი მანეთი მთხოვა. ორივე თხოვნა ავუსრულე. როგორც მერე მომიყვა, ბაქოში ჩასულა თავის „პადელნიკ“ ვინმე „ალისთან“, რომელიც თურმე დიდი ხანია ამ ჭადრაკს უმიზნებდა. არ ვიცი რა მანქანებით, მაგრამ მოპარულიც გამოართვა, ასი მანეთიც და მეორე დღეს ტიგრან პეტროსიანის ბინას მიადგა. მასპინძელმა შინ შეიპატიჟა, როდესაც გაიგო, რომ სტუმარი თბილისელი იყო, ვახშმითაც გაუმასპინძლდა და უთხრა — მეგობარო, თქვენთან ვალში ვარ და მთხოვეთ რაც გნებავთო. „პეშკამაც“ არ დააყოვნა — ერთი ხელი ჭადრაკი მეთამაშეთო. პარტია ყაიმით დასრულებულა, პეტროსიანს პატარა, სპილოს ძვლისგან გამოთლილი საჭადრაკო კომპლექტი უჩუქებია და ისე გამოუსტუმრებია. იმავე ღამეს თბილისელმა ქურდმა ვალიც დამიბრუნა, საკანშიც დაბრუნდა და თან ერთი თხოვნაც მოაყოლა — ეს ჭადრაკი შემინახე და გარეთ რომ გამოვალ, მაშინ დამიბრუნეო.
სამი დღის შემდეგ, მეფე ტიგრან პეტროსიანის ძალისხმევით, „პეშკა“ ციხიდან გამოვიდა. საქართველოს საზღვრამდე მე და ბატონმა ტიგრანმა ერთად მივაცილეთ და იქ უკვე მეგობრებივით დავემშვიდობეთ ერთმანეთს. მას შემდეგ მისი არაფერი გამიგია.
უნებურად მასპინძელს გავხედე. „ბაბკენა“ მიხვდა რაც მაინტერესებდა და პასუხმაც არ დააყოვნა – ყველაფერი მართალია, „პეშკა“ ამ ამბის მერე ქურდულ სამყაროს გაერიდა, რუსეთში დასახლდა და დაოჯახდა. სულ ეს არის, რაც ვიციო. თბილისში დაბრუნებულმა მეც ვცადე ინფორმაციის მოპოვება ამ საოცარ ადამიანზე, თუმცა უშედეგოდ. მისი ავანჩავანი არავინ იცოდა.