თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. ფეხბურთში საქართველოს თასის ფინალში, რომელსაც დავით ყიფიანის თასსაც უწოდებენ, საჩხერის „ჩიხურა" და ქუთაისის „ტორპედო" დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
საქართველოს ჩემპიონატის გასული სეზონის ვერცხლის პრიზიორმა „ჩიხურამ" ადვილად დაამარცხა მეორე ლიგის წარმომადგენელი „იმერეთი" – 5:0.
მეორე ნახევარფინალში ქუთაისის „ტორპედო" და თბილისის „დინამო" შეხვდნენ ერთმანეთს. ძირითადი დრო გოლის გარეშე დასრულდა.
გამარჯვებული ვერ გამოავლინა ვერც დამატებითმა 30–მა წუთმა. ფინალისტი მხოლოდ პენალტების სერიაში გაირკვა – „ტორპედომ" იმარჯვა – 5:4.
ქუთაისური კლუბი ქვეყნის თასის მოქმედი მფლობელია. კახაბერ ჩხეტიანის გუნდმა გასულ წელს მარტვილის „მერანი" 2:1 დაამარცხა და თასს დაეუფლა.
სად გაიმართება ფინალი და როდის, მოგვიანებით გახდება ცნობილი.