თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგნეტომ გაავრცელა განცხადება და უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში ანომალიურად მკაცრი ზამთარი იქნება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამინდის პროგნოზის მსოფლიოს მოწინავე ცენტრები ამინდის გრძელვადიან, ე.წ. სეზონურ პროგნოზებს ამზადებენ და ავრცელებენ საპროგნოზო სეზონის დადგომამდე 10-15 დღით ადრე. ევროპისა და დასავლეთ აზიის რეგიონებში არსებული ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის სეზონური პროგნოზები დგება ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიისა და აშშ–ის პროგნოსტიკული ცენტრების მოდელების საფუძველზე.
„ამ ეტაპზე არანაირი საფუძველი არ არსებობს მომავალი ზამთრის ანომალიურობის შესახებ ინფორმაცის დასადასტურებლად. სხვადასხვა წყაროებით გავრცელებული პროგნოზი შესაძლოა მხოლოდ ცალკეულ მეცნიერთა ვარაუდს წარმოადგენდეს, შესაბამისად, მათი ოფიციალურ წყაროდ გამოყენება შეუძლებელია", – ნათქვამია განცხადებაში.
ამა წლის 20-23 ნოემბერს ხორვატიაში ამინდის გრძელვადიანი პროგნოზის ფორუმი გაიმართება, რომელშიც გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელიც მიიღებს მონაწილეობას. ამ ფორუმზე მომზადდება 2017-2018 წლის ზამთრის სეზონის ამინდის პროგნოზი. საქართველოში ზამთრის პერიოდში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ფორუმზე მიღებული ინფორმაცია განთავსდება გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე.