თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ინსექტარიუმის შექმნა იგეგმება, რომელშიც სხვადასხვა დაავადებების გადამტან ტკიპებს, მწერებსა და მღრღნელებს გამოიკვლევენ, განუცხადეს „Sputnik საქართველოს" ლაბორატორიის პრეს-ცენტრში.
როგორც ლაბორატორიაში განმარტეს, ინსექტარიუმი არის შენობა, სადაც მწერებს სამეცნიერო მიზნებისათვის ინახავენ და ამრავლებენ. ინსექტარიუმის შესაქმნელად ლაბორატორიასა და აშშ-ს ვოლტერ რიდის სამხედრო კვლევით ინსტიტუტს შორის ურთიერთშეთანხმების ხელშეკრულება გაფორმდა.
ხელშეკრულება ითვალისწინებს ლაბორატორიის ტერიტორიაზე მწერების სათავსოს დაარსებას და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვას, რომელსაც შემდგომში სამეცნიერო მიზნებისთვის გამოიყენებენ.
„საკარანტინო ნიმუშების, მწერების კვლევის დროს, აუცილებლია რისკის ადეკვატური შეფასება, რაც თავის მხრივ აისახება, როგორც მომუშავე პერსონალის, ისე მოსახლეობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაზე", — აღნიშნეს ლაბორატორიაში.
ინსექტარიუმის მშენებლობა 2018 წლის ბოლოს დაიწყება.