ერთ ღამეში გაუკაცრიელებული დასახლება – იდუმალებით მოცული ელიზაბეთტალი

© photo: Sputnik / Tamar Kapanadzeგერმანული სოფელი ელიზაბეტთალი, თეთრიწყარო
გერმანული სოფელი ელიზაბეტთალი, თეთრიწყარო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ელიზაბეთტალი თეთრიწყაროს რაიონის დღევანდელ სოფელ ასურეთს ერქვა, სადაც თბილისიდან 40-45 წუთში აღმოჩნდებით. დასახლება ულამაზეს ხეობაშია განფენილი. მას ქარისგან ირგვლივ შემოჯარული მთის ფერდობები იცავს, ამიტომაც აქ მოსულთ ყოველთვის სიმშვიდის და დაცულობის შეგრძნება ეუფლებათ.

ჩემი ინტერესი ელიზაბეთტალში სტუმრობისა კი განაპირობა ორი წლის წინ თბილისის ეროვნულ გალერეაში გამოფენილმა ფოტოებმა, სადაც აღბეჭდილი იყო ის ულამაზესი გერმანული სახლები, რაც ამ ძველ დასახლებაში დღემდე შემორჩა. 

მზიანმა დღემ სრული თავისუფლება მოგვცა სოფლის საცხოვრისების დათვალიერებით გული გვეჯერებინა. მართალია, გერმანული სახლები და ქუჩები იმ სახით აღარ არის შემორჩენილი, როგორც ეს ორი საუკუნის წინ იყო, თუმცა ისინი მაინც იპყრობს ყურადღებას, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ნამდვილად გაგვაოცა.

© photo: Sputnik / Tamar Kapanadzeგერმანული სოფელი ელიზაბეთტალი, თეთრიწყაროს რ-ნი
გერმანული სოფელი ელიზაბეთტალი, თეთრიწყაროს რ-ნი - Sputnik საქართველო
გერმანული სოფელი ელიზაბეთტალი, თეთრიწყაროს რ-ნი
 

მთავარ ქუჩას ორ რიგად მიუყვება მაღალი, კრამიტიანი სხვენით დაგვირგვინებული ხისა და მასიური ქვებით ნაგები სახლები, რომლებსაც შიდა ეზო და ღრმა სარდაფი აქვთ. ქუჩის ბოლოს კი 1871 წლით დათარიღებული ლუთერანული ეკლესიაა აღმართული. ეკლესია დღეს, სამწუხაროდ, საკმაოდ სახეცვლილია, თითქოს გადაჭრილია — აღარ აქვს მოგრძო სვეტი თავისი გადახურვით, აღარც დიდი დარბაზია — ის საქართველოს გასაბჭოების შემდეგ აქ ჩამოსახლებულმა რაჭველებმა კლუბად გადააკეთეს, რომელიც შემდეგ დაიწვა. დღეს აქ მხოლოდ წინა ფასადის ნაწილია შენარჩუნებული. ეკლესიაში შესულებს კი მართმადიდებლური ხატებით შემკული პაწაწინა სივრცე დაგვხვდა. ეკლესიის უკან ორივე მხარეს ჩამწკრივებული სახლებით ქუჩა ისევ გრძელდება. თუ მარცხნივ აუყვებით აღმართს, მალევე იმ ძველ გერმანულ სასაფლაოსაც მიადგებით, რომელიც აგერ უკვე ორი საუკუნეა არსებობს და რომლის ძირითადი ნაწილი მოსახლეობას ხელუხლებლად შეუნარჩუნებია.

© photo: Sputnik / Tamar Kapanadzeგერმანული სოფელი ელიზაბეთტალი, თეთრიწყაროს რ-ნი
გერმანული სოფელი ელიზაბეთტალი, თეთრიწყაროს რ-ნი - Sputnik საქართველო
გერმანული სოფელი ელიზაბეთტალი, თეთრიწყაროს რ-ნი

სასაფლაოს დაგეგმარება მართლაც რომ აღნიშვნის ღირსია — დაბალი ჭიშკრიდან კიბის პრინციპით ბილიკი წრეზე განლაგებულ საფლავებამდე მიდის. საფლავებზე ქვის დიდი წარწერებიანი ლოდებია აღმართული, მაგალითად, ერთ-ერთზე აწერია: Hier ruht in Frieden Eduard Krohmer, geb. d. 2 Nov. 1880, gest. d. 6 Juni 1931 (აქ განისვენებს ედუარდ კრომერი, დაბადებული 1880 წლის 2 ნოემბერს, გარდაცვლილი 1931 წლის 6 ივნისს). სხვადასხვა ფორმის ლოდების რკალს ორ მხარეს რკინის ტიტებითა და ვარდებით გაფორმებული ორი ჯვარი კრავს. წრეზე განლაგებული საფლავების შუაში ქვისფილებიანი ჯვარია გამოსახული. გერმანელების ძველი საფლავები სასაფლაოს დანარჩენ ნაწილზეც არის მიმობნეული. თავად სასაფლაო გარშემო ხშირი ხეებითაა შემოსაზღვრული. ბევრი ვიფიქრეთ, თუ რატომ არის საფლავები წრეზე ჩამწკრივებული. მრგვალი მაგიდის რაინდებიც გაგვახსენდა — თითქოს გარდაცვლილები ამ დასახლებული თემის მთავარ ძალას წარმოადგენდნენ ერთ დროს. ღირს დასაფიქრებლად! 

© photo: Sputnik / Tamar Kapanadzeგერმანული სოფელი ელიზაბეთტალი, თეთრიწყაროს რ-ნი
გერმანული სოფელი ელიზაბეთტალი, თეთრიწყაროს რ-ნი - Sputnik საქართველო
გერმანული სოფელი ელიზაბეთტალი, თეთრიწყაროს რ-ნი

გარდა ამ მართლაც შთამბეჭდავი დასახლების დაგეგმარება-განლაგებისა — სასაფლაოსა და მისი საცხოვრისებისა, საკმაოდ ემოციური გამოდგა ჩვენთვის თავად აქ მცხოვრები ხალხის დახვედრა. მათ გულთბილად მიგვიღეს, შინ მიგვიპატიჟეს და დიდი ხალისითაც გვიამბეს ელიზაბეთტალის ისტორია. 

მას შემდეგ, რაც რუსეთის მეფემ ალექსანდრე პირველმა 1804 წელს მანიფესტი მიიღო, მის მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე უცხოელები, კერძოდ, ნაპოლეონის ომებით განადგურებული და დაუძლურებული მშრომელი გერმანელები ჩამოასახლეს. დასახლებას, ალექსანდრე პირველის მეუღლის პატივსაცემად, ელიზაბეთტალი (Elisabethtal, ანუ „ელიზაბეტის ხეობა“) ეწოდა. 

© photo: Sputnik / Tamar Kapanadzeგერმანული სოფელი ელიზაბეთტალი, თეთრიწყაროს რ-ნი
გერმანული სოფელი ელიზაბეთტალი, თეთრიწყაროს რ-ნი - Sputnik საქართველო
გერმანული სოფელი ელიზაბეთტალი, თეთრიწყაროს რ-ნი

გერმანელმა კოლონისტებმა იცოდნენ სხვადასხვა ხელობა – მევენახეობა, მესაქონლეობა, მეღვინეობა, მუშაობდნენ ხეზე, ქვაზე… აქვე ჰქონდათ სკოლაც, ჰყავდათ ორკესტრი. შაბათ-კვირას კი მუსიკის ჰანგების ფონზე ცეკვებს მართავდნენ ხოლმე. 

ომის პერიოდში, 1941 წლის ერთ ღამეს ისინი აყარეს და ყაზახეთში გადაასახლეს. უამრავი ადამიანი გზაში დაიღუპა, ბევრიც შემდგომში უკან, გერმანიაში დაბრუნდა. მეტ-ნაკლებად გაუმართლა იმ ნაწილს, რომელთაც შერეული ოჯახები ჰყავდათ (ქორწინებაში იყვნენ ქართველებთან თუ რუსებთან). 

© photo: Sputnik / Tamar Kapanadzeგერმანული სოფელი ელიზაბეთტალი, თეთრიწყაროს რ-ნი
გერმანული სოფელი ელიზაბეთტალი, თეთრიწყაროს რ-ნი - Sputnik საქართველო
გერმანული სოფელი ელიზაბეთტალი, თეთრიწყაროს რ-ნი

გადასახლებულებს გზად თბილი ტანსაცმელი, საგზალი და სახლების გასაღები გაუყოლებიათ, იმის იმედით, რომ მალე უკან დაბრუნდებოდნენ, სახლები კი ხელშეუხებლად დახვდებოდათ, თუმცა გვერდით მდებარე სოფლების მცხოვრებლებმა თითქმის იმავე ღამით წაიღეს მათი დანატოვარი. ეს უძველესი ნივთები დღესაც მრავალ ოჯახშია შემორჩენილი, ხოლო ის, რაც ხელუხლებლად დარჩა, აქ ჩამოსახლებულმა ოჯახებმა გამოიყენეს პირადი მოხმარებისთვის და მათი შთამომავლებიც დღემდე სათუთად ინახავენ ყოველ ნივთს. ისინი ჰყვებიან, რომ წლების შემდეგ ელიზაბეთტალიდან გადასახლებული კოლონისტების შვილები ჩამოსულან აქ, მოუკითხავთ კარ-მიდამო, დამხვდურებს კი ისინი კეთილად მიუღიათ და შემორჩენილი ნივთებიც უჩუქებიათ სახსოვრად. 

2017 წელი მნიშვნელოვანი წელია — გერმანელი კოლონისტების საქართველოს მიწაზე ჩამოსახლებიდან ზუსტად ორი საუკუნე გავიდა. 


თამარ კაპანაძე

ყველა ახალი ამბავი
0