თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. განსაკუთრებით საშიში დამნაშავე აზერბაიჯანიდან საქართველოში გადმოსვლას ცდილობდა გოგონასთან ერთად, რომელიც თბილისის ერთ-ერთ კაზინოში გაიცნო, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი" პოლიციის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
აზერბაიჯანელი ოპერმუშაკები ამ დღეებში გაქცეული დამნაშავის დაკავებას ცდილობდნენ. 1980 წელს დაბადებული ეტიბარ მამედოვი, რომელიც კრიმინალურ სამყაროში ცნობილია მეტსახელით „გოჯა", ახალგაზრდა ქალთან, გიუნაი ატაკიშიევასთან ერთად საქართველოში არალეგალურად გადმოსვლას ცდილობდა. ატაკიშიევა მან თბილისის ერთ-ერთ სამორინეში გაიცნო და მასთან ახლო ურთიერთობები ჰქონდა.
დამნაშავის დევნა მდინარე მტკვარზე, ფოილუს რკინიგზის სადგურთან ახლოს ხიდზე მოეწყო, მაგრამ დამნაშავე სამართალდამცველებს ხელიდან დაუსხლტა.
ქალი დააკავეს, მამედოვის ძებნა კი გრძელდება. ის, სავარაუდოდ, ქალაქ აღსტაფას ტერიტორიაზეა და მხოლოდ ღამით გადაადგილდება.
მამედოვი სხვა პატიმართან ერთად 23 ოქტომბერს, დილით გაიქცა. მსჯავრდებული მატარებლიდან გადახტა, რომლითაც ის სასამართლო პროცესის შემდეგ ბაქოში გადაჰყავდათ.
ორივე პატიმარს ბრალად ედება ნარკოტიკებით ვაჭრობა, ასევე ორმაგ მკვლელობაში მონაწილეობა.
ეს მამედოვისთვის პირველი გაქცევა არ არის. პირველი მკვლელობა მან 1997 წელს ჩაიდინა და გაიქცა, როდესაც ბაქოს ბავშვთა კოლონიაში იმყოფებოდა. ის მაშინ, ზედამხედველის გაგუდვის შემდეგ, ექვს არასრულწლოვანთან ერთად გაიქცა. მოგვიანებით გაქცეული პატიმრები დააკავეს და ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.