2 ნოემბრიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი სურათების პრემიერები გაიმართება:
„თორი: რაგნაროკი“ (Thor: Ragnarok) — რეჟისორ ტაიკა უაიტიტის 2017 წლის ამერიკული ფილმი-ფენტეზი როუდ- და ბადი-მუვის ელემენტებით. ფილმი გადაღებულია სტენ ლის, ჯეკ კერბისა და ლარი ლიბერის კომიქსების მიხედვით. 2011 და 2013 წლებში გადაღებული ფილმების სიქველია, Marvel-ის კინემატოგრაფიული სამყაროს მე-17 ფილმია. სიკვდილის ქალღმერთმა ჰელამ დაიპყრო ასგარდი და თორის ურო გაანადგურა. მას ციური ქალაქის აღორძინება სურს, მაგრამ თავისებურად. მისმა ქმედებებმა შეიძლება გამოიწვიონ რაგნაროკი — ყველა ცოცხალი არსების დაღუპვა. თორი ჯარს აგროვებს, რათა ჰელას გეგმები ჩაშალოს. სამყაროს დასაცავად მის გვერდით დადგებიან: შურისმაძიებლებიდან მისი მეგობარი ჰალკი, ასგარდის შეუპოვარი ამორძალი ვალკირია და მისი ნახევარძმა ლოკი. როლებში: კრის ჰემსუორთი, ტომ ჰიდლსტონი, იდრის ელბა, ენტონი ჰოპკინსი, ქეით ბლანშეტი, ტესა ტომპსონი, ჯეფ გოლდბლიომი.
საინტერესო ფაქტები: ავსტრალიაში მიმდინარე გადაღებების პირველ დღეს ადგილობრივმა აბორიგენებმა სარიტუალო ცეკვა შეასრულეს, რომლითაც კინემატოგრაფისტები დალოცეს. წარმატებული გადაღებების 84 დღის შემდეგ ტომი დაბრუნდა და ულამაზესი გამოსამშვიდობებელი ცერემონია გამართა. ეს ცეკვა ავსტრალიის ველურ ბუნებაში გადაღებების არაჩვეულებრივი გამოცდილების კულმინაცია გახდა.
„ჯუნგლები“ (Jungle) — რეჟისორ გრეგ მაკლინის ავსტრალიური ბიოგრაფიული ტრილერი. როლებში: დენიელ რედკლიფი, ტომას კრეჩმანი, ალექს რასელი, ჯოელ ჯექსონი, ლილი სალივანი. ფილმში მოთხრობილია 22 წლის ქვეით ტურისტ იოსი გინსბერგზე, რომელიც 1980-იან წლებში ორ მეგობართან — შვეიცარიელ მასწავლებელ მარკუსთან და ამერიკელ ფოტოგრაფ კევინთან ერთად ლა-პასის (ბოლივია) გაუვალ ჯუნგლებში მოგზაურობას გადაწყვეტს. მოგზაურობის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გმირები გაიცნობენ ავსტრიელ ემიგრანტ კარლს, რომელიც ამტკიცებს, რომ ამ ჯუნგლებს კარგად იცნობს და ჯგუფს ისიც შეუერთდება. ისინი ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ მათი ოცნების თავგადასავალი ნამდვილ კოშმარად იქცევა.
საინტერესო ფაქტები: ფილმი ეფუძნება იოსი გინსბერგის მემუარებს (Jungle: A Harrowing True Story of Survival, 2015). ჯუნგლების სცენები გადაღებულია ავსტრალიაში.
„ლაიქებზე ნადირობა“ (Tragedy Girls) — რეჟისორ ტაილერ მაკინტაირის კომედიური ჰორორი. ორი უფროსკლასელი დაქალი — სედი და მაკკაილა ოცნებობენ სოციალური ქსელების ვარსკვლავობაზე. მაგრამ, როგორც ცნობილია, კარგი საქმეების კეთებით დიდებას ვერ მოიხვეჭ. ამიტომ ისინი ქმნიან ბლოგს სახელწოდებით „კოშმარული გოგოები“, რომელშიც ყველა ტრაგედიასა და უბედურ შემთხვევაზე, რომელიც მათ ქალაქში ხდება, საკუთარ ამაზრზენ კომენტარებს აკეთებენ. გამომწერთა რიცხვი იზრდება, მაგრამ ახალი „ლაიკებისთვის“ ახალი სისხლიანი რეპორტაჟებია საჭირო. ამბიციური გოგონები გრძნობენ მასალების დეფიციტს და იწყებენ ყველა ხელშემშლელი ადამიანის მოკვლას და ამით „სასიამოვნოსა“ და „სასარგებლოს“ ერთმანეთს უთავსებენ. როლებში: ჯოშ ჰატჩერსონი, ბრიანა ჰილდერბრანდი, ალექსანდრა შიპი, კევინ დიურანი.
გასული კვირიდან თბილისის ეკრანებზე გამოვიდა ამერიკული საშინელებათა ფილმი „ხერხი 8" (Jigsaw), რეჟისორ ლაიამ ოდონელის ფანტასტიკური ფილმი „სკაილაინი 2" (Beyond Skyline), რეჟისორ ჰოლგერ ტაპეს კომედიური მულტფილმი „მონსტრების ოჯახი" (Happy Family) და „ოსკარის" ნომინანტის, ცნობილი ქართველი რეჟისორის ზაზა ურუშაძის დრამა „აღსარება".
ასევე თბილისის კინოთეატრებშია — ფანტასტიკური ფილმი-კატასტროფა „გეოშტორმი", ფრანგულ-ნიდერლანდური კომედია „განგსტერდამი" და ფრანგულ-ბელგიური ეროტიკული ტრილერი „ორსახიანი საყვარელი", ამერიკული კრიმინალური კომედიური ტრილერი „ამერიკული კონტრაბანდა" (American Made) და ქართული დრამა „ჩემი ბედნიერი ოჯახი".
მულტფილმები ბავშვებისთვის: ჯეისინ ტისენის მულტფილმი-ფენტეზი „ჩემი პატარა პონი" (My Little Pony: The Movie), ფრანგული მულტფილმი „ჯუნგლების მცველები" და კომედიური მულტფილმი „მონსტრების ოჯახი" (Happy Family).
სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!