თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ამინდის გაუმჯობესების წყალობით სამხედრო გზაზე სატვირთო ავტომანქანების მოძრაობა თავისუფალია, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ჩრდილოეთ ოსეთის მთავარი სამმართველოს ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ორშაბათს ინტენსიური თოვის გამო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, აიკრძალა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
„საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის გაუმჯობესებასთან, ყველა სახის ავტოტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, ასევე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის რეკომენდაციების შესაბამისად, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორშაბათს, მოსკოვის დროით 18:00 საათიდან, განსაკუთრებულ განკარგულებამდე, დაშვებულია შეუზღუდავად", – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს სამხედრო გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა უამინდობის გამო ხშირად ფერხდება.