თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ლონდონში როკ-ჯგუფ Kiss The Gun-ის სადებიუტო ალბიმი Nightmares-ი წარადგინეს, როკ-ჯგუფის სოლისტი ნადინ ზაქარიანია, რომელიც წარმოშობით საქართველოდანაა.
ალბომთან ერთად კოლექტივმა სიმღერა Nightmares-ის ვიდეოკლიპიც წარადგინა.
„Nightmares — ეს არის სიმღერა მარტოობაზე, რომელიც კოშმარში გადადის. კლიპის რეჟისორი და ოპერატორია რიჩარდ ალენი. კლიპი გადაღებულია ხმის ჩამწერ სტუდია Smokehouse-ში. აჩვენებენ თუ არა კლიპს ბრიტანულ ტელეარხებზე, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ალბომის სიმღერები ინგლისის რადიოსადგურების ეთერში აუცილებლად გაიჟღერს“, — უამბო ნადინმა „Sputnik-საქართველოს“.
მომღერლის თქმით, ალბომის პრეზენტაციასთან დაკავშირებით ლონდონში Upper street-ზე, კლუბ Hope & Anchor-ში ჯგუფის კონცერტი გაიმართება. ამ კლუბში თავის დროზე გამოსულან ისეთი ლეგენდები, როგორებიცაა U2, The Police, The Cure და სხვ.
ნადინმა თავისი გუნდის განწყობაზეც ისაუბრა.
„ყველაფერი შესანიშნავად არის. ჩვენ მაგარი გუნდი ვართ! მათთან თავს მხიარულად და კარგად ვგრძნობ. თუმცა, სინამდვილეში, ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ — კოლოსალური შრომაა. ჩვენ ვასრულებდით ისეთ სიმღერებს, რომლებიც მაყურებელს აქამდე არ მოუსმენია, და ძალიან უნდა მოინდომო, რომ ისინი აღაფრთოვანო“, — აღნიშნა შემსრულებელმა.
კოლექტივის მომდევნო საკონცერტო გრაფიკი მას შემდეგ შედგება, როდესაც მომღერალი ახალ ვიზასთან დაკავშირებულ საკითხებს მოაგვარებს.
ნადინ ზაქარიანი — თბილისელი მომღერალია, რომელსაც ქართველი მაყურებელი იცნობს ტელეპროექტებიდან „ნიჭიერი“ და „ახალი ხმა“. 2017 წლის ზაფხულში ის ოფიციალურად გახდა ლონდონის როკ-ჯგუფ Kiss The Gun-ის სოლისტი, რომელმაც ვოკალისტი YOUTUBE-ში მისი არხის წყალობით იპოვა.