ცოცხალი ირმები და უჩვეულო ტყის ხიდები საფრანგეთის ავტობანზე
/ნაწილი პირველი/
ოქტომბრის თვეში საფრანგეთში, ჩრდილო-დასავლეთის მხარეს, ნორმანდიასა და ბრეტანში ვიმოგზაურე. შეგახსენებთ, რომ ეს ისტორიული მხარე (ფრანგ. Bretagne, ბრეტ. Breizh) ატლანტის ოკეანის სანაპიროზე ბრეტანის ნახევარკუნძულზე მდებარეობს.
სხვადასხვა დროს ბრეტანი კულტურულ და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა. 1547 წელს საფრანგეთმა ამ მხარის ანექსია მოახდინა. რეგიონში თუმცა ფრანგულია ოფიციალური ენა, მაგრამ მის გარდა აქ გავრცელებულია ბრეტანულიც, რომელზეც რამდენიმე ასეულ ათასი ადამიანი ლაპარაკობს. ადგილობრივები საკუთარი ისტორიითა და წარმომავლობით ძალიან ამაყობენ, ბრეტანს თავისი ჰიმნი და დროსა აქვს. მისი ყველაზე დიდი ქალაქი, ნანტი საფრანგეთის დიდი ქალაქების ხუთეულში შედის.
პირველი, რაც აქ ყოფნის დროს თვალში (უფრო სწორედ, ყურში) მომხვდა — ეს იყო საქართველოსთვის უჩვეულო სიმშვიდე, რომელიც ერთნაირად გადმოდის ოქტომბრის ამწვანებული ბუნებიდან და ადამიანებისგანაც. იქ ყოფნის მანძილზე ერთხელაც არ მსმენია ავტომანქანის სიგნალი (მის თანმხლებ ლანძღვა-გინებაზე რომ არაფერი ვთქვათ), ხმამაღალი ლაპარაკი და თქვენ წარმოიდგინეთ, ძაღლის ყეფაც კი… ეტყობა, ცხოველებსაც არაფერი აქვთ საწუწუნო, კი არადა, დასაყეფი…
მათ მოწესრიგებულ ავტობანებზე გადაადგილების დროს თვალში ძალიან უცნაურად გხვდებათ არც მეტი არც ნაკლები — ცოცხალი ირმები და შვლები, რომლებიც აქ საკმაოდ ბევრია და ისე არიან გათამამებულ-მოშინაურებული, რომ თავისუფლად შეუძლიათ შუა ავტობანზე მანქანას წინ გადაუდგნენ და საავარიო სიტუაცია შექმნან… ამიტომ საფრანგეთის ამ კუთხეში აკრძალვის ნიშანი — „ფრთხილად ირემი“ უფრო მეტი გხვდება, ვიდრე მაგალითად ფრთხილად „საშიში მოსახვევი“ ან „ფრთხილად ბავშვები“…
არაოფიციალური სტატისტიკით აქ 300 ათასი ირემი და ორი მილიონი შველია, მათზე ნადირობა დაშვებულია და ყველგან ხდება. საფრანგეთში, ავტობანის თავზე, პირდაპირ ტყეზე გადებული, სპეციალური ხიდებია აშენებული, რომელზეც ხეებია დარგული და რომლითაც ირმებს თავისუფლად შეუძლიათ ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადანაცვლება. მათ იქ „ტყის ხიდებს“ ეძახიან. ზოგადად ხსოვნას და სიძველეებს ფრანგები დიდ პატივს სცემენ. ძველ არქიტექტურულ ნაგებობებს უფრთხილდებიან და ხშირ შემთხვევაში მათ ახლით კი არ ცვლიან, რესტავრაციას უკეთებენ და ამაგრებენ, ამიტომ შეინარჩუნა ტრადიციული სახე აქაურმა ქალაქებმა, სადაც თითქმის ყველგან ძველი ციხესიმაგრეა, რომელიც თავის ისტორიას ინახავს.
ხსოვნაზე გამახსენდა, ბრეტანის რეგიონში მეორე მსოფლიო ომში საფრანგეთის დასახმარებლად ჩამოსული ამერიკელი ჯარისკაცების სასაფლაო მუზეუმივით მოვლილია. მასზე ზრუნვა საფრანგეთის მთავრობამ საკუთარ თავზე აიღო. აქ გამოფენილი ომისდროინდელი დოკუმენტები და ექსპონატები იმ ომს გახსენებს და ფრანგების მოწიწებას გამოხატავს მათთვის დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის მიმართ.
ესთეტიკის და ყველაფერ ბუნებრივის მოყვარული ფრანგები, დიდ ყურადღებას აქცევენ გარემოს გამწვანებას. ოქტომბრის თვეში აქ ყველაფერი ზაფხულივით მწვანედ ბიბინებს და სახლებს ბუჩქების თანაბრად გაკრეჭილი ცოცხალი ღობეები ალამაზებს. ქალაქებს კი-სასტუმროს ვარსკვლავების მსგავსად ყვავილები ენიჭებათ, მაგალითად საუკეთესოდ გამწვანებულ ქალაქს ხუთი ყვავილი აქვს მინიჭებული. პარკებში ხშირად მხვდებოდა დინჯად მოსეირნე ასაკოვანი წყვილები ბედნიერი და მშვიდი გამომეტყველებით. უნებურად პარალელს ვავლებდი თბილისში, „ლიბერთი ბანკის“ წინ რიგში მდგარ ქართველ პენსიონერებთან და ამგვარი სხვაობის გამო გული მტკიოდა…
ბრეტანის ყველაზე დიდი ქალაქი, ნანტი საფრანგეთის დიდი ქალაქების ხუთეულში შედის. ბრეტანს საკუთარი დროშა და ჰიმნი აქვს.