თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა შექმნის აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამას, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
პრემიერმა საქართველოს მოსახლეობასა და განსაკუთრებით აფხაზებს აფხაზური ენის დღე მიულოცა.
„ეს პროგრამა ითვალისწინებს მრავალმხრივ ღონისძიებებს. რა თქმა უნდა, გამოყოფილი იქნება შესაბამისი ბიუჯეტი და დარწმუნებული ვარ, საზოგადოება აქტიურად ჩაერთვება ამ პროგრამის განხორციელებაში. მჯერა, რომ აფხაზური ენისა და კულტურის მიმართ ჩვენი გულწრფელი და სიღრმისეული დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმ დამწვარი ხიდების აღდგენის პროცესში, რომელიც აუცილებელია ჩვენი ერთიანობისთვის", — განაცხადა კვირიკაშვილმა.
2007 წლის ანტვერპენში (ბელგია), დიასპორების წარმომადგენელთა კონგრესზე აფხაზური ენის დღის 27 ოქტომბერს აღნიშვნის გადაწყვეტილება მიიღეს ყველა ქვეყანაში, სადაც კი დიასპორა ცხოვრობს.
აფხაზური ენა შედის კავკასიურ ენათა ჩრდილო-დასავლურ, აფხაზურ-ადიღურ ჯგუფში. დამწერლობა ოფიციალურად 1928 წელს მიიღეს. თავდაპირველად გამოიყენებოდა ლათინური ანბანი, შემდეგ — ქართული.
1954 წლიდან აფხაზური დამწერლობა კირილიცაზე გადავიდა.