თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. ელექტრონული მუსიკის ქართული ფესტივალი GEM Fest 2018 ანაკლიაში 9-12 აგვისტოს ჩატარდება, იუწყებიან ორგანიზატორები.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფესტივალის აბონემენტებისა და ბილეთების გაყიდვა უახლოეს პერიოდში დაიწყება. ბილეთების ფასი ჯერჯერობით უცნობია.
GEM Fest-ი 2017 წელს ერთ თვეს გაგრძელდა და ნაწილობრივ სახელმწიფო ბიუჯეტიდან იყო დაფინანსებული. ამასთან, ორგანიზატორებს ფინანსური პრობლემები გაუჩნდათ და მათ ღონისძიების თანამშრომლებს ხელფასების გადახდა დაუგვიანეს. მოგვიანებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, რომ GEM Fest-ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების წინააღმდეგია.
გარდა ამისა, GEM Fest 2017 ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ღონისძიება აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ინტოქსიკაციის შედეგად ფესტივალის 22 წლის სტუმარი გოგონა გარდაიცვალა, ხოლო რამდენიმეს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. ამან ააგორა ჭორები, რომ ფესტივალის ტერიტორიაზე ნარკოტიკებით თავისუფლად ვაჭრობენ. საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ფესტივალის აკრძალვაც კი მოითხოვა.
თუმცა, ორგანიზატორებმა შემდეგი ფესტივალის თარიღი მაინც დააანონსეს.
მათი თქმით, GEM Fest-ი მომავალ წელს კვლავ შევა მუსიკალური ნონ-სტოპის რეჟიმში მრავალი სპორტული და კულტურული ღონისძიებით.
„ზღვის, მზის, გართობისა და თავისუფლების ოთხი დღე და ღამე ანაკლიის შავი ზღვის მარგალიტის პლაჟზე", — იუწყებიან ფესტივალის ორგანიზატორები.
ინფორმაცია ლაინაპის, ღონისძიებების პროგრამისა და ფესტივალის პირობების შესახებ მალე გამოქვეყნდება ოფიციალურ ვებ-გვერდზე.