თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და კარგად შემონახული ხერთვისის ციხე-სიმაგრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა ტურისტებისთვის 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება, ნათქვამია ქვეყნის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრესთან სამუშაოები მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მისასვლელ გზაზე იგება ქვაფენილი, ასევე ხდება ვიზიტორთა ცენტრის შენობის მოპირკეთება და გალავნის რეაბილიტაცია.
ციხე-სიმაგრის ტერიტორიის ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
სამუშაოებისთვის 1,5 მილიონი ლარია გამოყოფილი. პროექტი მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო და 2018 წლის მარტში დასრულდება.
ხერთვისის ციხე შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრეა სამხრეთ საქართველოში, ჯავახეთში. ის X-XI საუკუნეების ძეგლია, ხოლო ლეონტი მროველის ცნობით, ჩვენ წელთაღრიცხვამდე IV საუკუნეს მიეკუთვნება.