თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში პირველად მთელი ქვეყნის მასშტაბით აუტისტ ბავშვებს შორის ჩატარდება ფეხბურთის ჩემპიონატი სახელწოდებით „საქართველოს სამეფო თასი", იუწყება Facebook-გვერდზე ღონისძიების ორგანიზატორი და ინიციატორი, კომპანია „თბილისის ბიზნეს–სახლი" (Tbilisi Business House).
ჩემპიონატზე დასასწრებად ყველა მსურველმა უნდა შეიძინოს პროფესიონალი ტრენერის ანდრო დგებუაძის ტრენინგზე დასასწრები ბილეთი. ტრენინგი თემაზე „ის, რაც იციან ფილოსოფოსებმა და არ იციან მენეჯერებმა" ჩატარდება 28 ოქტომბერს, 16:00 საათზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში.
„შეძენილი ბილეთით თქვენ ამავდროულად შეძლებთ საფეხბურთო ჩემპიონატზე დასწრებას, სადაც ასევე გაიმართება ბავშვების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა", — ნათქვამია განცხადებაში.
ერთი ბილეთით შესაძლებელია ჩემპიონატს დაესწროს უფროსი და ორი ბავშვი. ბილეთის ფასია 10 ლარი.
ჩემპიონატი აუტისტ ბავშვებს შორის გაიმართება 29 ოქტომბერს 14:00 საათზე „დინამოს" აკადემიაში. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ელექტრონული მისამართიდან გადასვლით. შემოსული თანხა მთლიანად ჩემპიონატის ორგანიზებას მოხმარდება.
აუტიზმი — ეს განვითარების გამუდმებული რღვევაა, რომელიც სიცოცხლის პირველი სამი წლის განმავლობაში ვლინდება და ნევროლოგიური აშლილობის შედეგად მიიჩნევა, რაც ტვინის ფუნქციონირებაზე აისახება. აუტიზმი ძირითადად ბავშვებში ვლინდება — სქესის, რასისა და სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად. აუტიზმს ახასიათებს უნიკალური თავისებურებები სოციალური ურთიერთქმედების კუთხით, სირთულე ყოველდღიურ ურთიერთობებში და გრძნობათა ორგანოების მიერ ინფორმაციის დამუშავების არასტანდარტული მეთოდი.
აუტისტი ბავშვების ქცევა ხასიათდება მკაცრი სტერეოტიპულობით — დაწყებული ელემენტარული მოძრაობების მრავალჯერადი გამეორებით (ხელების ქნევა თუ ადგილზე ხტომა), დასრულებული რთული რიტუალებით, ხშირად სულაც დესტრუქციით (აგრესია, თვითდაზიანება, ყვირილი, ნეგატივიზმი).